შალვა პაპუაშვილი - კრამერის განცხადება არის პირდაპირი თავდასხმა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე, ვინც თავს ესხმის არჩეულ ხელისუფლებას, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი
შალვა პაპუაშვილი - კრამერის განცხადება არის პირდაპირი თავდასხმა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე, ვინც თავს ესხმის არჩეულ ხელისუფლებას, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი

ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე. ვინც თავს ესხმის ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც: „ამჟამად, სანქციების გარეშე ქვეყანა აშკარად არასწორი მიმართულებით მიდის“.

„ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე. ვინც თავს ესხმის ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი, ეს აქსიომაა. შესაბამისად, ასე უნდა შევხედოთ მთელ სიტუაციას. თუ დავაკვირდებით, საინტერესოა, როგორ წარმოიშვა ქართულ სინამდვილეში ტერმინი „ოლიგარქია“, როგორ განვითარდა, რა ინტერესები იდგა ამის უკან, რომ მომხდარიყო კლიშირება ამა თუ იმ ადამიანისა. ეს ყველაფერი საბოლოოდ მიმართული იყო იქით, რომ განხორციელებულიყო თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, თუ ვისი ინტერესები იდგა ამის უკან, – პაპუაშვილი პასუხობს, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილსა და მათ მხარდამჭერებს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ საქართველოს ევროპული მომავალი მძევლად ჰყავთ აყვანილი და სანაცვლოდ სურთ ხელისუფლების დასუსტება.

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკა, ახლაც ვხედავთ, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილსა და მათ მხარდამჭერებს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ საქართველოს ევროპული მომავალი მძევლად ჰყავთ აყვანილი და ცდილობენ, სანაცვლოდ გამოივაჭრონ საქართველოს ხელისუფლების დასუსტება. სწორედ ესაა სურვილი, რომ, მძევლად აყვანის სანაცვლოდ, დაასუსტონ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც უარეს გარშემო, რათა რამენაირად, დემოკრატიის გვერდის ავლით ჩაენაცვლებინათ, და მოიყვანონ ის ხელისუფლება, რომელსაც მოსახლეობამ უკვე ცხრაჯერ უთხრა უარი ავტორიტარული რეჟიმის გამო, რომელიც მათ თავის დროზე ჰქონდათ დამკვიდრებული. ესაა რეალური მიზეზები. იქნება ეს „ოლიგარქია“, „სახელმწიფოს მიტაცება“ თუ სხვა ტერმინები — ეს ყველაფერი ამ ჯგუფებმა შემოიტანეს საქართველოში, რათა მოეხდინათ ქვეყნის დისკრედიტაცია და არადემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლილებაზე გავლენა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.