შალვა პაპუაშვილი - ხელისუფლების არჩევა ხალხის პრივილეგიაა და არა უცხოეთის მოქალაქეების უფლება-მოვალეობა, თუნდაც ისინი პარტნიორები იყვნენ
ხელისუფლების არჩევა ხალხის პრივილეგიაა და არა უცხოეთის მოქალაქეების უფლება-მოვალეობა, თუნდაც ისინი პარტნიორები იყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ამგვარი ჩარევა გავლენას ახდენს არჩევნების სამართლიან და თანაბარ პირობებში ჩატარებაზე, იმისთვის რომ ხალხს მიეცეს თავისუფალ, თანასწორ და სამართლიან გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.
„იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს აქვს, მნიშვნელოვანია, რომ, განსაკუთრებით დასავლეთის წარმომადგენლებმა, ამ ღირებულებების მიმართ ერთგულება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დაადასტურონ. მინდა, წინასაარჩევნო პერიოდის დასკვნით ეტაპზე, საარჩევნო კამპანიაში ჩარევისაგან თავშეკავებისაკენ მოვუწოდო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რათა საქართველოს მოსახლეობას მიეცეს საშუალება, გარედან ჩაურევლად, საკუთარი შეხედულებით, რწმენითა და მოსაზრებით მისცეს ხმა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის, და არ დაექვემდებაროს გარედან თავსმოხვეულ არჩევანს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, უცხოური პროპაგანდა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემოს წინაპირობად.
„დემოკრატიულ საზოგადოებაში, ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა, არჩევანი გააკეთოს არამართლზომიერი ზეგავლენისაგან თავისუფალ გარემოში, რადგან ქვეყნის მომავალი მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების გადასაწყვეტია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.