შალვა პაპუაშვილი - ხალხს აინტერესებს, შესაძლებელია თუ არა შეთანხმება, ამიტომ, ხელმოწერას აზრი აქვს შეთანხმებასთან ერთად
ხალხს არ აინტერესებს, ვის როგორი ხელმოწერა აქვს და ვინ სად მოაწერს ხელს, ხალხს აინტერესებს, შესაძლებელია თუ არა შეთანხმება და ამიტომ, ამ ხელმოწერას აზრი აქვს შეთანხმებასთან ერთად, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, მიიღებს თუ არა ხელისუფლება „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მოწოდებას და მოაწერს თუ არა ხელს დოკუმენტს ინდივიდუალურად იმის დემონსტრირებისთვის, რომ ხალხმა დაინახოს, ვინ ჩაშალა პროცესი.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, როდესაც ადამიანები ხელშეკრულებას ხელს აწერენ, იქ იგულისხმება, რომ „ვიღაცის ხელები იკვრება და იქ რამდენიმე ხელი უნდა იყოს“.
„აქ რამდენიმე ხელი უნდა იყოს, თორემ ერთი ხელის მოწერა ხელშეკრულებას არ ჰყოფნის. ამიტომ, ეს ლოგიკურადაც გასაგებია, რომ თუ სხვები არ აწერენ ხელს, აზრს არის მოკლებული, თავად მოაწერო ხელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, თავად პროცესი, როგორიც მოლაპარაკებების ბოლო დღე იყო, აქამდე არც მისულა.
„როდესაც მედიატორმა დოკუმენტი გაგვაცნო, მან ცხადად განმარტა, რატომ არ მოხვდა ამ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების საკითხი. მედიატორმა პირდაპირ აღნიშნა, რომ ევროკავშირი ეყრდნობა ეუთო/ოდირის, თუ სხვა ორგანიზაციების ანგარიშებს და მას არანაირი საფუძველი არ აქვს, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობაში ეჭვი შეიტანოს. მედიატორმა ეს ახსნა და იკითხა, ხართ თუ არა მზად ამ დოკუმენტის ხელმოწერისთვის, ან რა არის თქვენი რეაქციაო. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ დოკუმენტს პრინციპულად ვეთანხმებოდით, ხოლო ჩვენმა ოპონენტებმა, „გირჩის“ და „მოქალაქეების“ გარდა თითქმის ყველამ თქვა, რომ ისინი ამ დოკუმენტს პრინციპულად არ ეთანხმებიან. მათ დაასახელეს კიდეც ორი მოთხოვნა, რომელიც სურდათ, ამ დოკუმენტში ყოფილიყო ასახული. ამიტომ, როცა პრინციპული წინააღმდეგობაა, საერთო ჯამში, საქმე იქამდე არც კი მისულა, დაიწყებს თუ არა ვინმე ხელის მოწერას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ასევე დასძინა, რომ როგორც ოპოზიციამ თქვა, თუ დოკუმენტს გიორგი რურუას მყისიერი გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების საკითხები არ დაემატება, ისინი ხელს საერთოდ არ მოაწერენ.
„მათ ამ დოკუმენტს კოჭლი დოკუმენტი უწოდეს და დღესვე დაადასტურეს, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელი რომც მოეწერა, ისინი ისედაც არ მოაწერდნენ. სხვათა შორის, ეს საკითხი უკვე გახმოვანდა, რომ იმ შეხვედრაზე დაისვა კითხვა – მოაწერდნენ თუ არა ხელს იმ შემთხვევაში, თუ ამ დოკუმენტში გიორგი რურუას საკითხი აისახებოდა, რაზეც „გირჩის“ და „მოქალაქეების“ გარდა ყველამ განაცხადა, რომ ხელს არ მოაწერდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, მზად იყო თუ არა ხელისუფლება, მიეღო ევროკავშირის შემოთავაზება, რომ მელიას გირაო ევროკავშირის ერთ-ერთ ფონდს გადაეხადა, რის შემდეგაც 20 ივნისის ამნისტიის აქტი გამოიცემოდა, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ამ კომპრომისისთვის მზად იყო.
„ეს იყო ის კომპრომისი, რომელიც იმ მოსაზრებიდან გამომდინარეობდა, რაზეც მათ შორის, ჩვენ ევროპელ კოლეგებთან გვქონდა საუბარი, რომ საზოგადოებისთვისაც კარგი იქნებოდა, 20 ივნისის საკითხი, ეს დღე და ფურცელი გადაშლილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას და არა მხოლოდ მისი მხრიდან ძალიან მძიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი, იმისთვის, რათა საზოგადოებრივი და პოლიტიკურ პარტიებს შორის თანხმობა ყოფილიყო, ჩვენ მზად ვიყავით, ამნისტიაზე წავსულიყავით და ამით ეს ფურცელი გადაგვეშალა. სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა ეს კომპრომისიც ვერ დაინახეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
უმრავლესობის წევრმა ასევე დასძინა, რომ „ქართულ ოცნებას“ მედიატორთან შეხება შვიდი საათიდან სადღაც, ხუთი წუთის განმავლობაში ჰქონდა და საერთო შეხვედრა სადღაც, 50 წუთი იყო.
„ანუ, სულ ერთი საათი იყო ჩვენი კონტაქტი. დანარჩენი ექვსი საათი მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, როდესაც მედიატორს ოპოზიციის წარმომადგენლები გაჰყავდა, ხან ცალ-ცალკე, ხან ჯგუფ-ჯგუფად და ცდილობდა, ისინი დაერწმუნებინა, რომ დოკუმენტზე ხელი მოეწერათ. რასაც ამ პერიოდის განმავლობაში იქ ვუყურე, ოპოზიციის წარმომადგენელთა ქცევას და დამოკიდებულებას, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათი ნაწილისთვის არ არსებობს არანაირი თანხმობა, ერთობა, სამშობლო, ქვეყანა და ასეთი მატერიები. ნათელი იყო, რომ ისინი მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.