შალვა პაპუაშვილი - კარგია, რომ მიმართეს სტრასბურგს, თვეზე მეტი დახარჯეს, რათა შეედგინათ საჩივარი, იმ პირობებში, როცა საუბრობდნენ, თითქოს სააკაშვილის სიცოცხლე არის რისკის ქვეშ და დღე-დღეზე გადასაწყვეტი საკითხია
შალვა პაპუაშვილი - კარგია, რომ მიმართეს სტრასბურგს, თვეზე მეტი დახარჯეს, რათა შეედგინათ საჩივარი, იმ პირობებში, როცა საუბრობდნენ, თითქოს სააკაშვილის სიცოცხლე არის რისკის ქვეშ და დღე-დღეზე გადასაწყვეტი საკითხია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების მიმართულებით ნებისმიერი ჯილდოს გადაცემა სააკაშვილის მიერ შექმნილი გულაგების სისტემის მსხვერპლთა დაცინვაა.

„გულაგების სისტემისა და ადამიანის წამებაზე, ღირსების აყრაზე დაფუძნებული სახელმწიფო მანქანის შემქმნელისთვის ადამიანის უფლებების მიმართულებით ნებისმიერი ჯილდოს გადაცემა, უპირველეს ყოვლისა, მიხელ სააკაშვილის გულაგების სისტემის მსხვერპლთა დაცინვაა. ვერ მივცემ სხვა შეფასებას, გარდა იმისა, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მსხვერპლთა დაცინვა და ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ადვოკატების მიერ სარჩელის შეტანას, პაპუაშვილის თქმით, იმ პირობებში, როცა საუბრობდნენ, თითქოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის რისკის ქვეშ და დღე-დღეზე გადასაწყვეტი საკითხია, თვეზე მეტი მოანდომეს საჩივრის შეტანას.

„ძალიან კარგია, მნიშვნელოვანია, რომ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს. ჩვენც მოვუწოდებდით, რომ თუ მათ არ აქვთ რწმენა საკუთარი ქვეყნის სასამართლოსი, მიემართათ სტრასბურგის სასამართლოსთვის და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სტრასბურგის სასამართლო. ვნახეთ, რომ ერთ თვეზე მეტი მოანდომეს, იმ პირობებში, როცა ისინი საუბრობდნენ, თითქოს წუთი-წუთზე და დღე-დღეზე გადასაწყვეტი საკითხია და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის რისკის ქვეშ, თვეზე მეტი დახარჯეს, რომ შეედგინათ საჩივარი. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სტრასბურგის სასამართლო.

ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა, სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქცია, რა თქმა უნდა, ჩვენზე სრულად ვრცელდება“, – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.