შალვა პაპუაშვილი ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისლანდიის პარლამენტის – ალთინგის თავმჯდომარეს, ბირგირ ორმანსონს შეხვდა. მხარეები ბოლო წლების განმავლობაში საქართველო-ისლანდიის ურთიერთობების გააქტიურებას მიესალმნენ. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. ამ კუთხით აღინიშნა, რომ მ/წ შემოდგომაზე დღის წესრიგში დგას ისლანდიის პრეზიდენტის, გუთნი იოჰანესონის ვიზიტი საქართველოში.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და ამ საკითხზე ისლანდიის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. შეხვედრაზე აგრეთვე საუბარი შეეხო რუსეთის ომს უკრაინაში და მის ზეგავლენას საქართველოზე.

ბირგირ ორმანსონმა გამოხატა ისლანდიის მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისადმი, ასევე შალვა პაპუაშვილს გაუზიარა ისლანდიის, როგორც ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრი ქვეყნის, ევროკავშირთან ურთიერთობის გამოცდილება. მხარეები შეთანხმდნენ საპარლამენტო კავშირების გააქტიურებაზე.

შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სადაც შალვა პაპუაშვილი და პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას იღებენ ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.