შალვა პაპუაშვილი - ინფრასტრუქტურული პროექტები არის საწინდარი, საბოლოოდ დავუკავშირდეთ ევროკავშირს სივრცობრივად, ეკონომიკურადაც და ინტეგრაციის კუთხით, ჩვენი წინსვლა დაჩქარდეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, სწორედ ესაა ის პროექტები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის ნამდვილ ნაწილად ხდის.
„სწორედ ასეთი სახის, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც პირდაპირ დააკავშირებს ევროკავშირს საქართველოსთან, არის საწინდარი იმისა, რომ ჩვენ საბოლოოდ დავუკავშირდეთ ევროკავშირს სივრცობრივადაც, ეკონომიკურადაც და აქედან გამომდინარე, ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ჩვენი წინსვლა დაჩქარდეს. რა თქმა უნდა, ასეთია ეს პროექტები, რომლებზეც უნდა ვიმუშაოთ და მეხუთე მნიშვნელობის თემებით ცდილობენ ხოლმე, ევროკავშირთან დაკავშირებით გველაპარაკონ. მთავარი საკითხები არის სწორედ ეს, ესაა ღირებულებითი ერთობა და ესაა ეკონომიკური ერთობა, რომელიც სწორედ ასეთი პროექტებით ხორციელდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.