შალვა პაპუაშვილი - იმედი მაქვს, მიმდინარე კვირას ოპოზიციაც საქართველოს მხარეს დადგება და მხარს დაუჭერს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის შესახებ კანონების პაკეტს
შალვა პაპუაშვილი - იმედი მაქვს, მიმდინარე კვირას ოპოზიციაც საქართველოს მხარეს დადგება და მხარს დაუჭერს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის შესახებ კანონების პაკეტს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, რა საკითხებს განიხილავს პარლამენტი მიმდინარე კვირაში.

პაპუაშვილმა ოპოზიციას სხდომებზე დასწრებისა და განხილვებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.

„ხვალ ტრადიციულად იქნება დრო პოლიტიკური განცხადებებისთვის და ამის შემდეგ გვექნება სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა. ამიტომ ყველას ვთხოვ დასწრებას, რათა მოვისმინოთ ანგარიში. ხვალ კენჭისყრები არ გვექნება. ოთხშაბათს და ხუთშაბათს გვექნება კანონპროექტების განხილვა, მათ შორის არის დაჩქარებული კანონპროექტები. ოთხშაბათს გვექნება ერთი კენჭისყრა, ხუთშაბათს – ორი და პარასკევს მთელი დღის განმავლობაში გვექნება პრემიერ-მინისტრის ანგარიში. გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში გვიწევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების არჩევა. ამასთან, განვიხილავთ კონსტიტუციურ ცვლილებებს ოჯახურ ღირებულებებთან და არასრულწლოვანთა დაცვასთან დაკავშირებით, რომელიც  უმრავლესობამ დააინიცირა, განვიხილავთ კანონების პაკეტს, რომელიც ამავე საკითხს ეხება.

საყოველთაო-სახალხო განხილვების პროცესში ხუთი ათასამდე მოქალაქეს შევხვდით. 11 შეხვედრა გავმართეთ ყველა რეგიონში და აბსოლუტური მხარდაჭერა იყო ამ პაკეტისა, რომელიც ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანების დაცვას ეხება. გარდა ამისა, 17 მაისს ვნახეთ საქართველოს მილიონამდე მოქალაქე დედაქალაქსა და რეგიონებში, მათ შორის, ამ პაკეტის მხარდასაჭერად. ასე რომ, ამ საკითხზე უკვე ფაქტობრივი რეფერენდუმია ჩატარებული და ჩვენი ვალდებულებაა, მოქალაქეების ხმა ვაქციოთ კანონად. იმედი მაქვს, მიმდინარე კვირას ოპოზიციაც საკუთარი მოქალაქეების ინტერესის მხარეს დადგება, დადგება საქართველოს მხარეს, ამ კანონპროექტის პაკეტის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას და მხარს დაუჭერს. გარდა ამისა, გვექნება ვეტოს განხილვა, რომელიც საარჩევნო კოდექსს ეხება. ეს არის ძირითადი საკითხები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.