შალვა პაპუაშვილი - იმედი მაქვს, მალე მოხდება გასაუბრება პოლონეთის ელჩთან, რათა მისი პოზიციაც დაფიქსირდეს პოლონელი ექიმის ინციდენტზე
იუსტიციის მინისტრმა მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს, იმედი მაქვს, მალე მოხდება გასაუბრება პოლონეთის ელჩთან, რათა მისი პოზიციაც დაფიქსირდეს პოლონელი ექიმის ინციდენტზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც ნათქვამია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ძალიან სამარცხვინო ინციდენტი მოხდა.
„გაუგებარია, საერთოდ რა ქცევა იყო ეს, საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის ანგარიში გაუწია იმ მდგომარეობას, თუკი საჭირო იყო, კიდევ ვინმე დარწმუნებულიყო, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სათანადოდ არის სამედიცინო სერვისები, რომ მიეცა კიდევ ამის შესაძლებლობა, სამწუხაროდ, ეს ნდობა ბოროტად გამოიყენეს. ეს არ არის ჩვეულებრივი ჯგუფი, ეს გახლავთ პოლონეთის მთავრობასთან არსებული სპეციალური სამედიცინო ჯგუფი. როდესაც ასე ბოროტად გამოყენება ხდება ნდობისა და კეთილგანწყობის, ეს სამწუხაროა. გუშინ იუსტიციის მინისტრმა მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს, იმედი მაქვს, მალე მოხდება გასაუბრება პოლონეთის ელჩთან, რათა მისი პოზიციაც დაფიქსირდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.