საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.
გერმანიის ელჩმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა, საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
შალვა პაპუაშვილმა ელჩს მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის გეგმები გააცნო.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და საპარლამენტო დღის წესრიგს.
ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ 2022 წლის 13 აპრილს აღინიშნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილე.
შალვა პაპუაშვილმა ელჩს გერმანიის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, ქვეყნის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.