შალვა პაპუაშვილი - გვახსოვს განცხადებები ჩვენს კამპანიაზე, მაგრამ ჩუმად არიან „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რატომ არ შეიძლება უცხოელის აქტიურობა არჩევნებში
შალვა პაპუაშვილი - გვახსოვს განცხადებები ჩვენს კამპანიაზე, მაგრამ ჩუმად არიან „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რატომ არ შეიძლება უცხოელის აქტიურობა არჩევნებში

ჩვენს კამპანიაზე გვახსოვს, მათ შორის უცხოელების განცხადებები, ვხედავთ, რომ ჩუმად არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რატომ არ შეიძლება, უცხოელი იყოს აქტიური არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის სპიკერს დაუსვეს კითხვა, „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერის შესახებ, რომელზეც წერია, „აირჩიე ერთიანობა, მოიშორე „ქართული ოცნება“. არის თუ არა ეს წარწერა ზიზღის კამპანიის მაგალითი.

„თავისთავად, ესეც არის პირის შეკვრის შედეგი, რაც ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ხდება, როდესაც არის პირდაპირი ზიზღის კამპანია წამოწყებული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ეს ბანერი ზიზღის კამპანიის მხოლოდ ერთ-ერთი გამოხატულებაა და ნული რეაგირებაა არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი დამკვირვებლებისგან. გვახსოვს, მათ შორის უცხოელების განცხადებები, ჩვენს კამპანიაზე და ვხედავთ, რომ ჩუმად არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რატომ არ შეიძლება, რომ უცხოელი იყოს აქტიური არჩევნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს ბოლო დღეებმაც აჩვენა, როდესაც იყო სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლის აქტივობა.

„პირველი, მათ არ აქვთ იმის ცოდნა, რომ გაერკვნენ, თუ რა პოლიტიკური დინებები არის საქართველოში და კომპეტენტურად იმსჯელონ. შეიძლება, კეთილი განზრახვაც კი ჰქონდეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, იკავებენ იმ მხარეს, რომელიც არის ქართული ისტორიისთვის მცდარი მხარე, რაც ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის მხარდაჭერას. ზოგიერთი უცხოელის მხრიდან „ქართული ოცნების“ კამპანიის მიმართ არის კრიტიკა და აბსოლუტური სიჩუმე, როდესაც ვხედავთ, ზიზღის და ძალადობის კამპანიას ოპოზიციის მხრიდან – იქნება ეს ბანერები თუ მივარდნები. ამ ზიზღის კამპანიის გამო ჩვენი ერთ-ერთი მხარდამჭერი გარდაიცვალა, გახსოვთ, გეგუთში შემთხვევა და ამაზე ხმა არ ამოიღო არავინ. „საიამ“ ისიც კი არ იკადრა, თავის ანგარიშში ჩაეწერა, უარი თქვეს ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რომ ანგარიშში აესახათ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, არსებობს ფრონტი – შეკრული ადგილობრივ ორგანიზაციებსა და ოპოზიციას შორის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ არათანაბარი პირობები შექმნან.

„თუმცა, ვხედავთ და კვლევებიც აჩვენებს, პირიქით, ქართველი ხალხი კიდევ უფრო ბრაზდება, როცა ხედავს, რომ უცხოელები აფათურებენ ხელებს ჩვენს პოლიტიკაში და ფიქრობენ, რომ მათი მითითებებით უნდა მიიღოს ქართველმა ხალხმა გადაწყვეტილებები. ბრაზობენ, როცა ხედავენ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები თვალს ხუჭავენ იმ დარღვევებზე, რომელიც ხდება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ჩვენს ამომრჩეველს ეს აბრაზებს და ამას საბოლოო ჯამში ისინი არჩევნებზე გამოხატავენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.