შალვა პაპუაშვილი - გუშინდელმა განხილვამ აჩვენა, რომ ევროპარლამენტში მოიძებნება საღი აზრიც, რომელიც იმედია, ევროპული ღირებულებების ტრაექტორიას აცდენილი ტენდენციის შეჩერებას შეძლებს
ევროპარლამენტში გუშინდელმა განხილვამ ისიც აჩვენა, რომ საბედნიეროდ, ევროპარლამენტში მოიძებნება საღი აზრიც, რომელიც იმედია, დროთა განმავლობაში, ევროპული ღირებულებების ტრაექტორიას აცდენილი ამ ტენდენციის შეჩერებას შეძლებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მისი მოლოდინია, რომ ევროპარლამენტი პატივს სცემს ქართველი ხალხის მიერ 26 ოქტომბერს გაკეთებულ არჩევანს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მათ სწორი შეფასებებისთვის და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, პატივი სცენ არჩევნების გარე გავლენებისგან თავისუფლად ჩატარების სუვერენულ უფლებას, რაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. ჩემი მტკიცე მოლოდინია, რომ ევროპარლამენტი პატივს სცემს ქართველი ხალხის მიერ 26 ოქტომბერს გაკეთებულ არჩევანს და ასევე, მოუწოდებს ოპოზიციას და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, მიიღონ ქართველი ხალხის არჩევანი, როგორც დემოკრატიის ვერდიქტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.