შალვა პაპუაშვილი - გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი რომ არ ყოფილიყო, ასეთი მაღალი რეიტინგი არ ექნებოდა
გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი რომ არ ყოფილიყო, ასეთი მაღალი რეიტინგი არ ექნებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა IRI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, გახარიას რეიტინგი პირდაპირ კავშირშია „ქართულ ოცნებასთან“.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გახარია პოლიტიკურ გაერთიანებას თუ შექმნის, ის სავარაუდოდ, არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს.
„პერსონალური მოწონების მაჩვენებელი არის კეთილგანწყობის მაჩვენებელი. ვიცით, რომ „ევროპული საქართველოდან“ დავით ბაქრაძეს ტრადიციულად მოწონების მაღალი მაჩვენებელი აქვს, რაც ქართულ საზოგადოებას დღემდე ვერ აუხსნია. როცა გიორგი გახარია ჩვენს გუნდში იყო, საზოგადოება მის მიმართ საკმაოდ სიმპათიით იყო განწყობილი.
გიორგი გახარია პოლიტიკურად აქტიური თუ იქნება და პოლიტიკურ გაერთიანებას შექმნის, შეიძლება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და საბოლოოდ, ყველას რეიტინგი არჩევნებში დაითვლება. გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი რომ არ ყოფილიყო, მოწონების ასეთი მაღალი რეიტინგი არ ექნებოდა. მისი რეიტინგი პირდაპირ კავშირშია „ქართულ ოცნებასთან“. გიორგი გახარია ამ გუნდის წევრი იყო და ამ გუნდმა შექმნა გახარია, როგორც მინისტრი, როგორც პრემიერ-მინისტრი. პოლიტიკურად თუ გააქტიურდება, ის „ქართული ოცნებისგან“ დისტანცირებული ოპოზიციური გაერთიანება იქნება.
არ მგონია, მისმა პოლიტიკურმა გააქტიურებამ არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში რაიმე ბზარი შეიტანოს და დიდი გავლენა მოახდინოს. ვხედავ რა „ქართული ოცნების“ გუნდს, გეტყვით, რომ ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც ისეთი ღირებულებები, სტრუქტურა და ერთმანეთისადმი დამოკიდებულება აქვს, რომ რთული იქნება, ვინმემ მას რეალური კონკურენცია გაუწიოს. ჩვენ მშვიდად იმიტომ ვართ, რომ ვიცით საკუთარი ძალა და ის, თუ სად არის ჩვენი სიმართლე. ამიტომ, ნებისმიერი ორგანიზაციის შექმნას მშვიდად ვუყურებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
IRI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი, გიორგი გახარია და კახა კალაძე ლიდერობენ.