შალვა პაპუაშვილი - განადგურებულია ოპოზიცია, სტატუსის მონიჭების მეორე დღეს სხდომაზეც არ მოვიდნენ, რომ არ აღენიშნათ, აღარ ვსაუბრობ, როგორ ჩამოსტიროდათ ცხვირ-პირი, როცა ეს ამბავი გაიგეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უწყებათაშორისი კომისიის მიერ დამტკიცებულია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც გასაჯაროვდება. პაპუაშვილის თქმით, სწორედ ამ გეგმის მიხედვით „ქართული ოცნება“ გააგრძელებს მუშაობას ისეთივე წარმატებით, როგორც აქამდე მუშაობდა ყველა საკითხთან დაკავშირებით.
ამასთან, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ოპოზიცია განადგურებულია.
„რაც შეეხება ოპოზიციას, ვნახეთ, განადგურებულია ფაქტობრივად ოპოზიცია. პარასკევს, როდესაც გვქონდა საშემოდგომო სესიის ბოლო სხდომა, რომელიც ისედაც მნიშვნელოვანია, რადგან სესია იხურება, ჰიმნი უნდა გაჟღერდეს, ოპოზიციის თითო-ოროლა წარმომადგენელი იმყოფებოდა სხდომაზე. წინა საღამოს მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, მეორე დღეს სხდომაზეც კი არ მოვიდნენ, რომ არ აღენიშნათ ეს. აღარ ვსაუბრობ საერთოდ მათი მხრიდან დამოკიდებულებაზე, როგორ ჩამოსტიროდათ ცხვირ-პირი, როდესაც ეს ამბავი გაიგეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს სტატუსის მონიჭება არ გაუხარდათ.
„მთელი პერიოდი ვაკვირდებოდით, რომ ამბობდნენ – საქართველო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ეს გეგმა ჩაუვარდათ. მეორე, ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, რათა ვერ მიეღო სტატუსი, დადიოდნენ კაბინეტ-კაბინეტ, ატალახებული ჰქონდათ ბრიუსელის, თუ სხვადდასხვა დედაქალაქის კაბინეტები, რათა დაერწმუნებინათ ევროპელი პოლოტიკოსები, რომ არ მიეცათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. მათ და რამდენიმე მილიონერ „ენჯეოს“ ჰქონდათ ზუსტად ეს მიზანი დასახული. სტატიებს აქვეყნებდნენ ამაზე, „ენჯეობი“ წერდნენ სტატიებს, რომ გადაეწიათ კანდიდატის სტატუსის მიცემა ან ისე მოეცათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი, რომ ეს ოპოზიციის ხელში იარაღად ქცეულიყო. ქართული რადიკალური ოპოზიცია და, სამწუხაროდ, ზოგჯერ ზოგიერთი არარადიკალურიც, კიდევ ერთხელ დამარცხდა ქართველი ხალხის და საქართველოს ისტორიის წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.