შალვა პაპუაშვილი - გახარიამ მიაღწია, რომ მელია გაიყვანა მეორე ტურში, დადასტურდა, რა იყო პოლიტიკაში მეორე შემოსასვლელიდან შემოსვლის მიზანი, წარმოუდგენელია, მასთან პარტიული თანამშრომლობა გვქონდეს
საერთო ჯამში, საერთაშორისო შეფასებები არის დადებითი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„მათ შორის, სულ ახლახან, ნახევარი საათის წინ გამოქვეყნდა ევროპარლამენტართა ერთობლივი განცხადება, მათ მისიასთან დაკავშირებით, სადაც ეს არჩევნები ძალიან დადებითად არის შეფასებული. ასევე, 15 სექტემბერს, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა, რომელიც ასევე პოზიტიური იყო და დიდად, შენიშვნები არ იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას უკავშირდება აშშ-ის კონგრესის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელის, ჯიმ რიშის მკაცრი შეფასება და როგორია ამაზე მმართველი გუნდის პასუხი, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, საიდან მოდის ამომრჩეველთა დაშინების, თუ მოსყიდვის ბრალდებები.
„ბრალდებები მოდის პოლიტიკური პარტიებისგან და სხვათაშორის, პარტიას „გახარია – საქართველოსთვის“ ეკუთვნის ყველაზე ბევრი განცხადება სხვადასხვა დაშინებასთან დაკავშირებით. მათ საჩივარიც შეიტანეს შს სამინისტროში და ეს უწყება იძიებს საქმეებს. მათ ასი შემთხვევა აღწერეს და შს სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით ანგარიშიც წარმოადგინა. უწყებამ ამ სიიდან უკვე ბევრი ადამიანი გამოკითხა. ირკვევა, რომ ეს განცხადებები პოლიტიკოსებმა შეიტანეს და ამბობდნენ, რომ ისინი არა უშუალოდ იყვნენ რამე ფაქტის მოწმე, არამედ გადმოცემით იცოდნენ, რომ მაგალითად, რომელიღაც კანდიდატზე იყო ზეწოლა. ამ კანდიდატებთან იყო გასაუბრებები და ბევრმა უარყო ეს ფაქტები. განსაკუთრებით, რაც შეეხება კანდიდატურის მოხსნას. ასე რომ, აქ დაბრალება ადვილია და შემდეგ, პარტიებს როგორც წესი, მტკიცება უჭირთ ხოლმე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გიორგი გახარიამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ამ შეჯიბრში ბრინჯაოს მედლისთვის შედიოდა და ერთადერთი, რისთვისაც მას შეიძლებოდა, მიეღწია, იყო მეორე ტური ნიკა მელიასთვის, რასაც მიაღწია კიდეც.
„მან სწორედ ამას მიაღწია, რომ ნიკა მელია გაიყვანა მეორე ტურში. დადასტურდა, რა იყო პოლიტიკაში მეორე შემოსასვლელიდან შემოსვლის მიზანი და აქედან გამომდინარეც, წარმოუდგენელია, მასთან პარტიული თანამშრომლობა გვქონდეს. ვფიქრობ, მისი ამომრჩევლები გამოფხიზლდებიან და გააცნობიერებენ, რასთან გვქონდა საქმე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საკრებულოებში სხვადახვა პარტიის წარმომადგენლებთან ითანამშრომლებს.
„რაც შეეხება საკრებულოებს, თავისთავად, იქ არიან წევრები, რომლებთანაც ჩვენ გვექნება კომუნიკაცია. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიიდან იქნება. აუცილებელი არ არის, ეს იყოს პარტია „საქართველოსთვის“. საკრებულოებში „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა სხვა პარტიებიც არიან წარმოდგენილი და ჩვენ შევეცდებით მათთან თანამშრომლობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მერვე არჩევნები მოიგო, მაგრამ სამწუხაროდ, სტაბილურად, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ქართველი არჩევნებზე მიდის და ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს, რაშიც განმსაზღვრელი არის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი.
პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებული განაჩენების აღსრულება იქნება საინტერესო ლაკმუსის ქაღალდი, რათა დავინახოთ, ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ მიხეილ სააკაშვილის პირადი მეგობარი.
როგორც პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, „მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა მხოლოდ მისი ავანტურისტული გეგმა არ ყოფილა, ის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩამოიყვანა და აქ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი იყო არჩევნების წინა დღეს, რათა ქვეყანაში სიტუაცია აეფეთქებინათ“.
„რა თქმა უნდა, ასეთ პოლიტიკურ ძალას წინ აქვს რღვევა, ვინაიდან, როდესაც პოლიტიკური ძალა პირდაპირ მიდის ქვეყნის წინააღმდეგ, გარდაუვალია, რომ მას ხალხისგან შესაბამისი პასუხი ექნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.