შალვა პაპუაშვილი - ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა იგნორირება არის ის, რაც ახლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სამართლებრივ ფრონტზე გამარჯვებისთვის ყველაზე ნაკლებად სჭირდება უკრაინას
სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმე განიხილა და ყველა აბსურდული ბრალდება უარყო. სააკაშვილის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების გამოყენება, როგორც ციხიდან გათავისუფლების სტრატეგია, ყველანაირ მორალურ საზღვრებს სცდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
შალვა პაპუაშვილი ეხმაურება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა იგნორირება ან სხვაგვარად შელახვა არის ის, რაც ახლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სამართლებრივ ფრონტზე გამარჯვებისთვის ყველაზე ნაკლებად სჭირდება უკრაინას. სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილა და ყველა აბსურდული ბრალდება უარყო. ამდენად, სააკაშვილის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ თვითდაზიანების და უსაფუძვლო ბრალდებების გამოყენება, როგორც ციხიდან გათავისუფლების სტრატეგია, არათუ მიუღებელია, არამედ ყველანაირ მორალურ საზღვრებს სცდება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას მიმართავს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით გაუგებარს ხდის უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი.