შალვა პაპუაშვილი - ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, ახლა უკვე მერვედფინალში ვართ, რაც იყო ბევრი თაობის ოცნება, ეს ოცნება აგვიხდინეს გუშინ ჩვენმა ბიჭებმა, მწვრთნელმა, მთლიანად გუნდმა, ფედერაციამ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, ფეხბურთის ფედერაციას ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მერვედფინალში გასვლით კიდევ ერთი ოცნება ახდა.

„მართლაც დაუვიწყარი საღამო გვაჩუქეს გუშინ ჩვენმა ბიჭებმა, კიდევ ერთი ოცნება აგვიხდა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, ახლა უკვე მერვედფინალში ვართ, რაც იყო ბევრი თაობის, როგორც ფეხბურთელის, ისე გულშემატკივრის ოცნება. და ეს ოცნება აგვიხდინეს გუშინ ჩვენმა ბიჭებმა, მწვრთნელმა, მთლიანად გუნდმა, ფედერაციამ. განსაკუთრებული სიამაყეა, რომ ლევან კობიაშვილი არის ჩვენი კოლეგა, ამ მოწვევის პარლამენტის წევრი, განსაკუთრებული მადლობა მას, როგორც ჩვენს კოლეგას. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს, ვუსურვოთ შემდგომი გამარჯვებები. როგორც ეს ოცნებები აგვიხდინეს, ასევე უნდა აგვიხდეს შემდეგი ოცნებები და ჩვენ უკვე შემდეგ ეტაპებზეც უნდა გავიდეთ. კიდევ ერთხელ მივულოცოთ ჩვენს ბიჭებს, დიდი მადლობა მათ ამისთვის. უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ქართველ ხალხს, ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებმაც შექმნეს ის ატმოსფერო, რომ დაარწმუნეს მთელი ქვეყანა, ჩვენი ბიჭებიც და შექმნეს ის აურა, რომელმაც გამარჯვება მოგვიტანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებამდე.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.