შალვა პაპუაშვილი - კითხვარის გასაჯაროებაზე გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს, მთავარია, ოპოზიცია იყოს კონსტრუქციული, ხელისუფლების გვერდის ავლით წერილებით მიმართვა უადგილოა
შალვა პაპუაშვილი - კითხვარის გასაჯაროებაზე გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს, მთავარია, ოპოზიცია იყოს კონსტრუქციული, ხელისუფლების გვერდის ავლით წერილებით მიმართვა უადგილოა

ოპოზიციის ნაწილი უმიზეზო ფაცი-ფუცით არის დაკავებული, – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც რვა ოპოზიციური პარტიის მიერ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთვის მიწერილ წერილს შეეხებოდა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის კითხვარი შესავსებია მთავრობის მიერ და მთავრობა ამაზე მუშაობს.

„რაც შეეხება შეკითხვას, ამაზე იმსჯელებს მთავრობა და არც გასაჯაროებაშია პრობლემა. იცით, რომ ძალიან შემჭიდროებულია ვადები. ერთი თვეა კითხვარის შესავსებად. აქედან გამომდინარე, სრულად კონცენტრირებული უნდა იყოს ხელისუფლება, რათა კითხვარის შევსება მოხდეს. მასში არავითარი საიდუმლო შეკითხვები და რაიმე განსაკუთრებული არ არის. ამაზე იმსჯელებს მთავრობა და გადაწყვეტილებას მიიღებს. საქმე იქამდე არ მისულა, რომ მსჯელობა გასაჯაროება-არგასაჯაროებაზე ყოფილიყო. ვნახოთ, კითხვარი გასაჯაროვდება თუ არა. მთავარია, ოპოზიცია იყოს კონსტრუქციული ამ პროცესში, რაც არის ჩვენი, ყველას საერთო საქმე. ხელისუფლების გვერდის ავლით წერილებით მიმართვა და ა.შ. უადგილოა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

რვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართა. დეპუტატები ევროკავშირის კითხვარის საჯაროდ ხელმისაწვდომობას ითხოვენ.