შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირი-სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგიის პარტნიორობა, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, იქნება სტრატეგიული ინვესტიცია მთელი რეგიონის ევროპული მომავლისთვის
საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ როლს, როგორც ვაჭრობისა და კავშირის ჰაბი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განაცხადა.
„ევროკავშირი-სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგიის პარტნიორობა და მისი ფლაგმანი პროექტები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, იქნება სტრატეგიული ინვესტიცია მთელი რეგიონის მწვანე, მშვიდობიანი და ევროპული მომავლისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს დღეს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო.