შალვა პაპუაშვილი - ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნამ დაადასტურა ჩვენი ოპონენტების მიერ უკვე ოთხი თვის განმავლობაში წარმოებული ე.წ. გაყალბებული არჩევნების კამპანიის უსაფუძვლობა
ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. ანგარიშში, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა. ამით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ოპონენტების მიერ უკვე ოთხი თვის განმავლობაში წარმოებული ე.წ. გაყალბებული არჩევნების კამპანიის უსაფუძვლობა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვნად რეფორმირებული კანონმდებლობის პირობებში, რომელმაც შექმნა კარგი საფუძველი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის.
ამავე დროს, ანგარიშში წარმოდგენილია საარჩევნო კანონმდებლობის შემდგომი დახვეწის რეკომენდაციები.
როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებთან ერთად პარლამენტში დავაინიცირეთ საარჩევნო რეფორმის პაკეტი, რომელიც უცხოელი პარტნიორებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობით შემუშავდა.
რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში წარმოდგენილი ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, წინსწრებით, უკვე ასახულია ინიცირებულ კანონპროექტში.
კერძოდ, პროექტში უკვე გათვალისწინებულია:
- ცესკოს/საოლქო კომისიების პარტიული ნაწილის დაბალანსებულად დაკომპლექტება (1 პარტია 1 წევრი)
- საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ვადის გახანგრძლივება
- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების დამატებითი შეზღუდვა
- საარჩევნო უბნიდან 100 მეტრიანი პერიმეტრის დაწესება, სადაც აკრძალულია დაყოვნება და ამომრჩევლების აღრიცხვა. დარღვევისთვის სანქციის დაწესება (2000 ლარი)
- უბნების გადათვლისთვის მკაფიო კრიტერიუმების შემოღება
- საჩივრების წარდგენის ვადების გაზრდა
- ელექტრონული ფორმით საჩივრების შეტანა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედების, და ასევე, უმოქმედობის (მაგ. სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის) სასამართლოში გასაჩივრება.
დამატებით, ჩვენ
- ვზრდით საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილს
- ვაწესებთ შემთხვევითი შერჩევით უბნების 10%-ის ავტომატურ გადათვლას, იმის მიუხედავად არსებობს, თუ არა საჩივარი
- ვნერგავთ ელექტრონულ ტექნოლოგიებს.
ამასთან, როგორც იცით, ასამუშაო ჯგუფი კვლავ აგრძელებს მუშაობას. ჩვენ გვაქვს დაახლოებით ორთვიანი პერიოდი იმისთვის, რომ პარლამენტმა, საბოლოოდ, მესამე მოსმენით მიიღოს კანონპროექტი და ასევე, ამ კანონპროექტს გავუგზავნით ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას იმისთვის, რომ თავად კანონპროექტზე მივიღოთ მათი დასკვნები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში 5 მარტს გამოაქვეყნა.