შალვა პაპუაშვილი - ეუთო/ოდირის ერთობლივ დასკვნაში საარჩევნო რეფორმის პროექტი, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში შემუშავდა, პოზიტიურად არის შეფასებული
შალვა პაპუაშვილი - ეუთო/ოდირის ერთობლივ დასკვნაში საარჩევნო რეფორმის პროექტი, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში შემუშავდა, პოზიტიურად არის შეფასებული

ეუთო/ოდირის ერთობლივ დასკვნაში საარჩევნო რეფორმის პროექტი, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში შემუშავდა, პოზიტიურად არის შეფასებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები არის დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებით, ასევე ცესკო-ს პარიტეტის პრინციპით დაკომპლექტებაზე და ტექნოლოგიის შემოღების იდეა.

„ამავე დროს გამოთქმულია რამდენიმე რეკომენდაცია, ძირითადი რეკომენდაციები ხაზი უნდა გაესვას, რომ იყოფა ძირითადად და დამატებით რეკომენდაციებად. ძირითადი რეკომენდაციები შეეხება სრულად საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს, კერძოდ, კვალიფიციური უმრავლესობით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს და ეს 19 აპრილის შეთანხმებაში უკვე არის ასახული, შესაბამისად, ეს ისედაც იგულისხმება, რომ საარჩევნო რეფორმა ამ დათქმით გატარდება. ამავე დროს მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, რომ ვენეციის კომისიამ დაადასტურა ის შენიშვნა, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა დანიელსონის შეთანხმების პირველ ვერსიასთან. გახსოვთ, რომ მაშინ ჩვენ ვსაუბრობდით ორ მესამედთან დაკავშირებით, ეს მიგვაჩნდა ჩვენ პრობლემატურად თუკი არ იქნებოდა დაბლოკვის საწინააღმდეგო რაიმე მექანიზმი, ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ იქნება კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა, იქნება ეს ცესკო-ს თავმჯდომარე თუ წევრები საოლქოში. მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ არსებობდეს ეფექტიანი დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმი და სწორედ ამ სულისკვეთებით განხორციელდება საარჩევნო რეფორმა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმის განხორციელება მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მოხდეს, რადგან საკმარისი დრო ჰქონდეთ როგორც პარტიებს, ისე საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნებამდე.

„მე უკვე მქონდა კომუნიკაცია ლევან იოსელიანთან. ვფიქრობთ, რომ უახლოეს ვადებში, დაახლოებით ალბათ 10-11 მაისისთვის იქნება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც შემოუერთდებიან ის პარტიები, რომლებიც დამატებით არიან ახლა წარმოდგენილი პარლამენტში. მათთან ერთად ვენეციის კომისიისა და 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე განვაახლებთ ამ კანონპროექტს და შემდეგ უკვე დაიწყება პროცედურები კანონის მიღებასთან“, – განახცადა პაპუაშვილმა.

ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ერთობლივ დასკვნა გამოაქვეყეს.

საუბარია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ ინიცირებული საარჩევნო კოდექსის ცვლილების პროექტზე, რომელიც ეუთო/ოდირში იყო გადაგზავნილი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საარჩევნო სისტემისა და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება მინიმუმ შემდეგ სამ ელემენტზე უნდა იყოს დაფუძნებული:

„1. ნათელი და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს პასუხობს და ასევე პასუხობს წინასწარ რეკომენდაციებს;

2. კანონმდებლობის მიღება ფართო კონსენსუსისა და ყველა დაინტერესებულ მხარესა და საჯარო კონსულტაციების შემდეგ;

3. პოლიტიკური ვალდებულების აღება, რომ  მსგავსი კანონმდელობა კეთილსინდისიერად განხორციელდეს.