შალვა პაპუაშვილი - დოკუმენტზე ხელის მოსაწერად პრინციპულად მზად ვიყავით, მაგრამ კომპრომისსაც საზღვარი აქვს
მზად ვართ კომპრომისისთვის, მაგრამ კომპრომისს აქვს საზღვარი, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეთანხმებისთვის ორივე მხარის მიერ კომპრომისია საჭირო.
„ჩვენი მზაობა კომპრომისისთვის იმ დოკუმენტში ჩანს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა წარმოადგინა და რომლის ხელმოწერაზეც პრინციპულად მზად ვიყავით. იმ დოკუმენტს ვინც ჩახედავს და გაიაზრებს, მიხვდება, რომ ყველა პუნქტი იყო „ქართული ოცნების“ მიერ განსახორციელებელი საკითხი, მათ შორის იყო კომპრომისული საკითხები. მაგალითად, 20 ივნისთან დაკავშირებით ამნისტიის გამოცხადება. ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, მაგრამ ჩვენს კომპრომისს აქვს საზღვარი იქ, სადაც იწყება ჩვენი ოპონენტების უკომპრომისობა. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ ჩვენს კომპრომისს მეორე მხარეს უკომპრომისობა ხვდება. მათ შორის, მედიაციის პროცესი იმის გამო ჩაიშალა, რომ ოპონენტებმა ულტიმატუმი დააყენეს, რომ შეთანხმებაში თუ არ იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები და გიორგი რურუას საკითხი, ისინი არ აპირებდნენ დემოკრატიულ პროცესში დაბრუნებას. რთულია, ისრები არ გადაიტანო ოპონენტებზე მაშინ, როცა პრინციპულად მზად ვიყავით, ხელი მოგვეწერა შეთანხმებაზე და ოპონენტები წინააღმდეგები იყვნენ. აქ არის ჩვენი ლიმიტები და ზღვარი, რთულია, როცა კომპრომისებს უკომპრომისობა ხვდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.