შალვა პაპუაშვილი - პუტინი ქართველ ხალხს სადღესასწაულო მილოცვებს მთავრობისგან განცალკევებულად უგზავნის, ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ აიტაცა ეს ტაქტიკა და ზომიერ პარტიებსაც თავს მოახვია
დღემდე რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ქართველ ხალხს მთავრობისგან განცალკევებულად უგზავნის სადღესასწაულო მილოცვებს. ქართული ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ აიტაცა ეს ტაქტიკა და შედარებით ზომიერ პოლიტიკურ პარტიებსაც ბევრჯერ თავს მოახვია. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის უბრალო დამთხვევა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ღია წერილში.
როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, ქართული ოპოზიციის ზოგიერთი, ყველაზე რადიკალური წევრი სწავლობდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ მართულ საბჭოთა და რუსულ „საგანმანათლებლო“ დაწესებულებებში: მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.
„სამწუხაროა, რომ ჩვენი ზოგიერთი უცხოელი პარტნიორი და უცხოეთიდან დაფინანსებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია იყენებს ამ ტაქტიკას საქართველოს მთავრობის მიმართ.
„პრორუსული“, „კორუმპირებული“ და „უნიათო“ მთავრობის ვირტუალურ განცალკევებას ხალხის მისწრაფებებისგან სხვა წყაროც აქვს: წმინდა წყლის პოპულიზმი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს ზოგიერთი ყველაზე არამიმზიდველი პოლიტიკური ძალის გამორჩეული ტაქტიკაა.
„კორუმპირებული ხელისუფლების“ დაპირისპირება „სუფთა ხალხთან“ და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მტკიცება, რომ არსებობს მთავრობის შეცვლის „საყოველთაო ნება“, ზუსტად შეესატყვისება თანამედროვე პოპულიზმის არსს. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ პოპულიზმი მსოფლიოში დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა.
ამრიგად, პარადოქსის მომსწრენი ვართ: ის ძალები, რომლებიც ამტკიცებენ თავიანთ „დემოკრატიულობას“, „პროგრესულობასა“ და „პროდასავლურობას“ იყენებენ მიუღებელ პოლიტიკურ ტაქტიკას, რომელიც ყველაზე არადემოკრატიული და რეგრესული ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის, და პოლიტიკური იდეოლოგიების ინსტრუმენტს წარმოადგენს. აღნიშნული ტაქტიკის საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გამოყენება უსამართლო, დამაზიანებელი და ამორალურია“, – აღნიშნულია შალვა პაპუაშვილის ღია წერილში.