შალვა პაპუაშვილი - დეზინფორმაციული კამპანიის მიზანია, ამღვრეულ წყალში, დემოკრატიის გვერდის ავლით, „ნაცმოძრაობას“ ჩააბარონ ხელისუფლება, ხედავთ, რომ ქართველი ხალხი ამას არ უშვებს
დეზინფორმაციული კამპანიის მიზანია, ამღვრეულ წყალში, დემოკრატიის გვერდის ავლით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩააბარონ ხელისუფლება, ხედავთ, რომ ქართველი ხალხი ამას არ უშვებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მას კითხვა დაუსვეს ოპოზიციონერ მურმან დუმბაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს.
„ყველა ეს მოძრაობა დაკავშირებულია იმასთან, რომ რამენაირად დემოკრატიის გვერდის ავლით შეცვალონ ხელისუფლება. ყველამ დაინახა, ვისაც სურს „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში და მათი აბსოლუტური ძალაუფლების აღდგენა, ყველამ დაინახა, რომ ქართველი ხალხი ამას შეეწინააღმდეგება, ეწინააღმდეგებოდა ათი წელი და შეეწინააღმდეგება ოცი წელიც“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში არასდროს მოხდება ის, რომ ქართველი ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების მანდატს მისცემს.
„ამიტომ ერთადერთი გზაა დემოკრატიის გვერდის ავლა, არჩევნების გვერდის ავლა, გარკვეული არეულობისა და რევოლუციური სცენარის შექმნა. ყველა ეს ნაბიჯი, რომელიც დაკავშირებულია ყალბ, დეზინფორმაციულ კამპანიებზე, ვნახეთ, რომ დეზინფორმაცია დასავლეთიდან მოდიოდა. დეზინფორმაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, წელიწად-ნახევარი ტყუილს ჰყვებოდნენ უცხოელი პოლიტიკოსები, უცხოური მედია და ერთი წელია, ტყუილს ამბობდნენ უცხოელი პოლიტიკოსები სანქციებთან დაკავშირებით. ორი ტყუილი, რომელიც მთელ მსოფლიოს მოსდეს დეზინფორმაციული კამპანიის სახით და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიზანი სწორედ ეს არის, დეზინფორმაციას კეთილშობილური მიზნები არასდროს აქვს. ამის მიზანია კონსპირაციების შექმნა, დაბნეულობის შემოტანა საზოგადოებაში, მდგომარეობის არევა, რათა ამღვრეულ წყალში, დემოკრატიის გვერდის ავლით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩააბარონ ხელისუფლების სადავეები და ამას ხედავთ, რომ ქართველი ხალხი არ უშვებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.