შალვა პაპუაშვილი - დეოლიგარქიზაციის საკითხზე ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის პოზიციებს შორის წინააღმდეგობაა, მიუხედავად ამისა, უკრაინის მიმართ დღემდე არაა მოწოდება, რომ კანონი გააუქმონ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის პოზიციებს შორის გარკვეული წინააღმდეგობაა.
„პრინციპში, საბოლოო დასკვნაში ახალი არაფერი იყო. შუალედურ დასკვნაშიც იგივე პოზიცია ჰქონდა დაფიქსირებული ვენეციის კომისიას. ვენეციის კომისია თავადვე ამბობს, აღიარებს, რომ ეს საკითხი მისთვის სიახლეა, არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე აღიარებული საერთაშორისო სტანდარტი. ამიტომ, გარკვეულწილად, დასკვნაც არის პირველი და ექსპერიმენტალური გარკვეული მხრივ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს პირველადი მოსაზრებებია ზოგადად ამ სფეროსთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი როცა გადაწყდა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, მათ შორის უკრაინის მიმართ რეკომენდაციებშიც ჩაწერილია, რომ მიესალმებიან ამ კანონის მიღებას და მოუწოდებენ უკრაინას, გაატარონ ეს კანონი ცხოვრებაში ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკვნების გათვალისწინებით.
„ჩვენ ვხელმძღვანეობდით რა იმით, რომ ერთი – ევროკომისიამ მოიწონა კანონი და მთავარი რეკომენდაცია უკრაინის მიმართ იყო ამ კანონის იმპლემენტაცია. ვენეციის კომისიის პირველადი მოსაზრება უკვე გაზაფხულზე იყო ცნობილი, ახლა ცნობილია საბოლოო მოსაზრება, ვენეციის კომისიის დამოკიდებულება პერსონიფიცირებულ მიდგომაზე. მიუხედავად ამისა, ნახეთ, რომ ევროკომისიის მხრიდან უკრაინის მიმართ დღემდე არ არის მოწოდება, რომ ეს კანონი გააუქმონ. ასე რომ, ამ მხრივ არის გარკვეული წინააღმდეგობა ევროკომისიასა და ვენეციის კომისიის მოსაზრებებს შორის. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ორივე მიდგომა. ერთი – დეოლიგარქიზაციის შესახებ ამ პროექტით ჩვენ გვაქვს როგორც ე.წ. პერსონალური მიდგომა საკითხის მიმართ, ის, რაც უკრაინაშია და მოიწონა ევროკომისიამ, და მეორე – იმ სისტემურ საკითხებს, რასაც გულისხმობს ვენეციის კომისია, და ჩახედეთ, რამდენიმე საკითხია ჩამოთვლილი, მაგალითად, სასამართლო რეფორმა, ანტიკორუფციული მიმართულება, ფულის გათეთრების საკითხები, რაც ნახსენებია ვენეციის კომისიის დასკვნაში, ყველა ეს არის 12 პუნქტის ცალკე რეკომენდაციებში და ჩვენ უკვე განვახორციელეთ ან ვასრულებთ ამ საკითხებს. მეორე მიმართულება რაც არის იმ სისტემურ მიდგომებში, იქ ჩვენ სარეფორმოც კი არაფერი გვაქვს. მაგალითად, ერთ-ერთ მიმართულებად დასახელებულია, რომ შესაძლოა, ეს იყოს საჯარო შესყიდვების საკითხი, სადაც იცით, რომ მივიღეთ ახალი კანონი, რომელიც სრულად ევროკავშირის დირექტივებზეა დაყრდნობილი. ასევეა კონკურენციის კანონმდებლობის სისტემა, რაც ჩვენთან ასევე ევროკავშირის სისტემის მიხედვით არის აწყობილი. ასე რომ, ჩვენი შეფასებით, ჩვენი დღევანდელი სისტემა პასუხობს როგორც სისტემურ მიდგომას, ისე ინდივიდუალურ მიდგომას. ორივე მიდგომა გვაქვს, ვნახოთ, დაველოდოთ ევროკომისიის დასკვნას და მოსაზრებებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გუშინ მეორე მოსმენით მივიღეთ და შევიტანეთ შესწორება, რომ კანონი ამოქმედდება 2024 წლის პირველ მარტს. მანამდე დროა, რომ ევროკომისიამაც თავისი მოსაზრება გაგვიზიაროს. თუკი ევროკომისია მიყვება ვენეციის კომისიის მოსაზრებას და ამოიღებს რეკომენდაციიდან პერსონალურ მიდგომას, დეოლიგარქიზაციის პუნქტს, რა თქმა უნდა, ჩვენც შევხედავთ, რომ აღარ არის საჭიროება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.