შალვა პაპუაშვილი - დაზვერვის სამსახურის, სხვა უწყებების დახმარებით ვახერხებთ რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილი სურათის მკაფიოდ დანახვას, საქართველოზე კონფლიქტების გადმოდინების არიდებას
შალვა პაპუაშვილი - დაზვერვის სამსახურის, სხვა უწყებების დახმარებით ვახერხებთ რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილი სურათის მკაფიოდ დანახვას, საქართველოზე კონფლიქტების გადმოდინების არიდებას

დაზვერვის სამსახურს წამყვანი როლი აქვს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში. თქვენი ძალისხმევა, დაიცვათ საქართველო შიდა და გარე საფრთხეებისგან, ხელს უწყობს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველო უსაფრთხოების კუთხით რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში იმყოფება და სწორედ საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სხვა უწყებების დახმარებით არის შესაძლებელი რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილი სურათის მკაფიოდ დანახვა და კონფლიქტების თავიდან არიდება.

„დაზვერვის სამსახურს წამყვანი როლი აქვს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში. მუდმივად ცვალებად მსოფლიოში, მზარდი გამოწვევებით, დაზვერვის სამსახურის მნიშვნელობა კრიტიკულად დიდია. თქვენი ძალისხმევა, დაიცვათ საქართველო შიდა და გარე საფრთხეებისგან, ხელს უწყობს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ჩვენს ქვეყანაში. საქართველო უსაფრთხოების კუთხით რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში იმყოფება. სწორედ საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სხვა უწყებების დახმარებით ვახერხებთ რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილი სურათის მკაფიოდ დანახვას, საქართველოზე კონფლიქტების გადმოდინების თავიდან არიდებას, მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყნის შეუქცევადი განვითარების ხელშეწყობას.

მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში თითოეულ თქვენგანს უმნიშვნელოვანესი მისია გაკისრიათ. თანამედროვე ეპოქაში, დეზინფორმაციის წილის მკვეთრი ზრდის ფონზე, განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე გავლენის მქონე საკვანძო საკითხების დროულად გამოკვეთა და სწორად შეფასება, რაც მოითხოვს დაზვერვის სხვადასხვა დისციპლინის ეფექტიან და კოორდინირებულ მუშაობას. თანამედროვე უსაფრთხოების საკითხების კომპლექსურობა თქვენგან არა მხოლოდ სიფხიზლესა და მაღალ პასუხისმგებლობას საჭიროებს, არამედ ინოვაციურ მიდგომებს, მოქნილობასა და ადაპტაციის გაძლიერებულ უნარებს. ჩვენ ვხედავთ, როგორი მაღალი პროფესიონალიზმით, კონფიდენციალურობის მაღალი ხარისხით, საჯარო აღიარების გარეშე და ქვეყნის ერთგულებით ასრულებთ თქვენს მოვალეობებს. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ქვეყნის სადაზვერვო შესაძლებლობები. სამსახურს ჰყავს პროფესიონალი პირადი შემადგენლობა და გააჩნია თანამედროვე ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სამსახურსა და პარლამენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზეც ისაუბრა და გამოთქვა ვარაუდი, რომ შემდგომი მოწვევის პარლამენტთანაც არსებული პრაქტიკა ეფექტურად გაგრძელდება.

„განსაკუთრებით მოხარული ვარ სამსახურის მჭიდრო თანამშრომლობით პარლამენტთან, მათ შორის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან და ნდობის ჯგუფთან. მე-10 მოწვევის პარლამენტში მუდმივ რეჟიმში ტარდებოდა აღნიშნულ ფორმატებში მოსმენები, დეპუტატებიც არაერთხელ იმყოფებოდნენ დაზვერვის სამსახურში. პარლამენტი ყოველთვის ინფორმირებული იყო როგორც უსაფრთხოების გარემოს ტენდენციებზე, ისე სამსახურში განხორციელებულ თუ მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმებზე. დარწმუნებული ვარ, შემდგომი მოწვევის პარლამენტთანაც აღნიშნული პრაქტიკა ასეთივე ეფექტიანობით გაგრძელდება. დაზვერვის სამსახურს აქვს და ყოველთვის ექნება საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა. ჩვენი სიძლიერე ჩვენი ერთობლივი მუშაობის უნარიდან მომდინარეობას, რაც საქართველოსთვის უსაფრთხო და წარმატებული მომავლის უზრუნველყოფაში გვეხმარება. ჩვენ ვხედავთ და ვაფასებთ თითოეული თქვენგანის ერთგულებას, შრომას, ძალისხმევას, შემართებას. თქვენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მცველები ხართ და ამისთვის გულითად მადლობას გიხდით.

კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს. გისურვებთ შემდგომ წარმატებას თქვენს უმნიშვნელოვანეს და საპასუხისმგებლო საქმეში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დაზვერვის სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.