შალვა პაპუაშვილი - დავით ზალკალიანი გამოცდილი დიპლომატია, ვფიქრობ, აშშ-ში ელჩად დანიშვნა სწორი გადაწყვეტილებაა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დავით ზალკალიანს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ზალკალიანი სწორედ ამ კრიტერიუმით იქნება შერჩეული ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩის თანამდებობაზე.
შალვა პაპუაშვილი პრემიერის გადაწყვეტილებას სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს და ზალკალიანს ახალ თანამდებობაზე წარმატებებს უსურვებს.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩს უფლებამოსილების ვადა გაუვიდა და შესარჩევი იყო ახალი ელჩი. ამერიკა გახლავთ საქართველოს უპირველესი სტრატეგიული პარტნიორი, ამიტომ რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საელჩოა საქართველოსთვის. ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებაა. დავით ზალკალიანი გახლავთ მრავალი წლის გამოცდილების მქონე დიპლომატი. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილებას როცა იღებდა, სწორედ ეს იყო კრიტერიუმები – ამერიკის შეერთებულ შტატებში გვყოლოდა ძლიერი დიპლომატი, რომელიც განსაკუთრებით ამ რთული უსაფრთხოების მდგომარეობიდან გამომდინარე, იქნებოდა ძლიერი საელჩო ძლიერი ელჩით სათავეში. ვფიქრობ, სწორი გადჭყვეტილებაა და ბატონ დავითს წარმატებას ვუსურვებ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გახლავთ დიპლომატების სამინისტრო და თავად დავითიც არის მრავალი წლის დიპლომატი. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო თავისი მნიშვნელობით არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი საელჩო ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ელჩად იყოს არა მხოლოდ დიდი დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანი, არამედ პოლიტიკური გამოცდილების მქონეც. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი გდაწყვეტილებაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც ცნობილი გახდა, დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად გააგრძელებს მუშაობას. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.