შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო როცა დადგება, საფრანგეთისგან მყარი მხარდაჭერა გვექნება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ყველა შეხვედრაზე მთავარი საკითხია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი რეგიონში დღეს არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით საფრანგეთისგან სრული მხარდაჭერა მიიღეს.
„ბოლო 30 წელია, საფრანგეთი დგას საქართველოს პოზიციების გაძლიერების საქმეში, ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წარმოდგენის საკითხში. მაგალითად, არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით საფრანგეთის მხარდამჭერ პოზიციას გადამწყვეტი როლი აქვს სხვადასხვა ქვეყანასთან მუშაობის პროცესში. ამ მხრივ, კიდევ ერთხელ მივიღეთ დასტური, რომ ეს მხარდაჭერა გაგრძელდება. გარდა ამისა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გვქონდა ორსაათიანი შეხვედრა, სადაც საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ყველა ფრაქცია მონაწილეობდა. დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო როცა დადგება, მყარი მხარდაჭერა გვექნება. ამ პროცესში საქართველოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გადასადგმელი ნაბიჯები აქვს. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გათვითცნობიერებით ვმოქმედებთ მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას. საქართველო ლიდერია არა მხოლოდ ასოცირებულ ტრიოში, არამედ სხვა კანდიდატებთან შედარებით, ბევრი ასპექტით. ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვიზიარებთ. ეს პროცესი არის ორმხრივი მოძრაობის გზა. არ არის ისე, რომ საქართველო ილტვის მხოლოდ ევროკავშირისკენ, ხოლო ევროკავშირისთვის რაღაც ზედმეტი ტვირთია. როგორც საქართველოს სჭირდება, რომ იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, ასევე სჭირდება ევროკავშირს, რომ საქართველო იყოს ამ ოჯახის ნაწილი, რადგან ევროპა და ევროკავშირი ეს არის მშვიდობის და ეკონომიკური კეთილდღეობის პროექტი. საქართველოს შეუძლია როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ თავისი წვლილის შეტანა ევროკავშირში, ისე კეთილდღეობის უზრუნველყოფის მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის შუა კორიდორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ევროპასა და აზიას სწრაფად აკავშირებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.