შალვა პაპუაშვილი - ჩვენთვის მთავარი კვლევაა არჩევნები, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაცია ერთი წლის განმავლობაში ორ არჩევნებზე დადასტურდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მთავარი კვლევა მათთვის არჩევნებია, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩატარდა და ხალხმა საკუთარი ნება გამოხატა.
პაპუაშვილის თქმით, ესმით მოსახლეობის წუხილები და არსებული გამოწვევები, ასევე აცნობიერებენ იმ ლეგიტიმაციას, რომელიც აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და რომელიც ერთი წლის განმავლობაში ორ არჩევნებზე დადასტურდა.
შალვა პაპუაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას გამოეხმაურა.
„ჩვენ ყველაზე რელევანტური და ლეგიტიმური კვლევა გქვონდა სულ რაღაც 2 თვის წინ, როდესაც ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ვნახეთ, რომ ამ არჩევნებზე მოხდა როგორც ხალხის ნების გამოხატვა და დაფიქსირდა ის პოლიტიკური წონა, რომელიც ამა თუ იმ პარტიას აქვს, ასევე წარდგენილი იყო პროგრამები, სადაც საუბარი იყო სხვადასხვა მიმართულებაზე. ხალხმა არჩევანი გააკეთა ამა თუ იმ მიმართულებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენთვის მთავარი კვლევაა არჩევნები, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს არჩევნები სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ იყო. ასე რომ, ჩვენ გვესმის როგორც ჩვენი მოსახლეობის წუხილები და ის გამოწვევები, რაც სახელმწიფოს აქვს, ასევე ვაცნობიერებთ იმ ლეგიტიმაციას, რომელიც გააჩნია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და რომელიც დადასტურდა ერთი წლის განმავლობაში ორ არჩევნებზე. სხვა პარტიებთან შედარებით, „ქართულ ოცნებას“ დღეს მოსახლეობაში ყველაზე მაღალი ნდობა აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.