შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ოპონენტები შეთანხმებასა და დათანხმებას შორის სხვაობას ვერ ხედავენ, მათ სურთ, ყველაფერში დავეთანხმოთ
ვინაიდან წინა მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა, ჩვენი ევროპელი კოლეგები ცდილობენ, რომ რამენაირად შედეგზე გაიყვანონ ეს მედიაცია. ჩვენ წინა შეხვედრის შემდეგ განვაცხადეთ, რომ პრინციპულად მოვიწონეთ ის დოკუმენტი და მზად ვიყავით, ხელი მოგვეწერა. ჩვენმა ოპონენტებმა სამწუხაროდ პრინციპულად დაიწუნეს ეს დოკუმენტი, მას კოჭლი დოკუმენტი უწოდეს და ფარატინა ქაღალდი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მზად იყო, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელი მოეწერა.
„ჩვენი ევროპელი კოლეგები ამ შემთხვევაში ძალისხმევას არ იშურებენ, ოპოზიცია დაარწმუნონ, რომ მნიშვნელობა აქვს კონსესუსს და შეთანხმებას. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მზად არის „ქართული ოცნება“ მოაწეროს ხელი ამ დოკუმენტს, თუმცა ოპოზიციის ნაწილი კვლავ აცხადებს, რომ მთავარი მაინც არის ვადამდელი არჩევნები, რომელიც ამ დოკუმენტში არ დევს. მთავარი პრობლემა არის, რომ ჩვენმა ოპონენტებმა ულტიმატუმები დააყენეს, რაც არ გაითვალისწინა მაშინ მედიატორმა და შესაბამისად, ამიტომაც უწოდეს ამ დოკუმენტს ფარატინა ქაღალდი. ეს სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენი ოპონენტები შეთანხმებასა და დათანხმებას შორის სხვაობას ვერ ხედავენ. მათ სურთ, რომ დავეთანხმოთ ყველაფერში და არა ის, რომ შევთანხმდეთ, მოვძებნოთ საერთო ნიშნული. ასე, როგორც წესი, დიალოგი არ მიმდინარეობს ხოლმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.