შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის ცნობილია, რა წუხილები აქვს ქართულ საზოგადოებას, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ წუხილებს სათანადოდ უპასუხებენ
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის ცნობილია, რა წუხილები აქვს ქართულ საზოგადოებას, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ წუხილებს სათანადოდ უპასუხებენ

ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის ცნობილია, თუ რა წუხილები აქვს ქართულ საზოგადოებას. გვაქვს მოლოდინი, რომ ამ წუხილებს სათანადოდ უპასუხებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მიმართებით შეცდომები დაუშვია და  მაგალითის სახით 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი მოიყვანა.

„ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ამ წუხილებს სათანადოდ უპასუხონ, მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ გარკვეული აქტების მიღებაზე კონგრესსა თუ სენატში. აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით მცდარი გადაწყვეტილებები ყოფილა. აგვისტოს ომიდან ექვსი თვეც არ იყო გასული, როდესაც აშშ-მა გადატვირთვის პოლიტიკა გამოაცხადა ჩვენი ქვეყნის ოკუპანტ რუსეთთან, არ დაწესებულა არცერთი სანქცია. აგვისტოს ომიდან ორი წელიც არ იყო გასული, როდესაც წითელ მოედანზე ამერიკელი ჯარისკაცები აღლუმში მონაწილეობას ღებულობდნენ და, რა თქმა უნდა, დღეს ბევრი აცნობიერებს, მათ შორის აშშ-ში, რომ ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება. ამიტომ, შეცდომები საქართველოსთან მიმართებით აშშ-დან ყოფილა, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ეს შეცდომები თავიდან იქნება აცილებული“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი მნიშვნელოვანია.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია პარლამენტის წევრებსაც შეხვდა და ერთ-ერთი სასაუბრო თემა იყო ოქტომბრის არჩევნები.

როგორც პარლამენტის სპიკერმა თქვა, არჩევნები ქვეყანაშიც წარმოადგენს წუხილის საგანს, რადგან საზოგადოება წუხს იმ ფულის გამო, რომელიც საქართველოში პოლიტიკური პარტიების და სხვადასხვა რადიკალური ჯგუფის ყულაბაში მიდის.

„ჩვენი წუხილია, რომ აშშ-ის ბიუჯეტიდან საქართველოში თანხები იხარჯებოდეს გამჭვირვალედ; და მეორე, ამერიკის ხელისუფლებამ გააკონტროლოს, რომ ეს ფული არ წავიდეს პოლიტიკური პარტიების ყულაბაში, არ წავიდეს რადიკალური ჯგუფების ყულაბაში, რაც, სამწუხაროდ, დღეს სხვადასხვა ფაქტიდან ვიცით, რომ ხდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.