შალვა პაპუაშვილი - ჩვენც ველოდებით ევროკავშირს, მათ უნდა აჩვენონ ქართველ ხალხს, რომ დასამალი არაფერია და მათი ფულის ნებისმიერი ცენტი საქართველოში გამჭვირვალედ დაიხარჯება
შალვა პაპუაშვილი - ჩვენც ველოდებით ევროკავშირს, მათ უნდა აჩვენონ ქართველ ხალხს, რომ დასამალი არაფერია და მათი ფულის ნებისმიერი ცენტი საქართველოში გამჭვირვალედ დაიხარჯება

ჩვენც ველოდებით ევროკავშირს, მათ უნდა აჩვენონ ქართველ ხალხს, რომ დასამალი არაფერია და ევროკავშირის ფულის ნებისმიერი ცენტი საქართველოში დაიხარჯება გამჭვირვალედ. სამწუხაროდ, დღეს ასე არ ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრაზე მათ შეახსენა გარკვეული საკითხები, რასაც ადრე საქართველოსგან ითხოვდნენ და მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ მათი რჩევა არ გაითვალისწინა. პაპუაშვილის განმარტებით, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია სწორი იყო და დღეს ამაზე გაამახვილეს ყურადღება.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს კანონპროექტთან დაკავშირებით ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაზე, სადაც ლანდსბერგისი ამბობს: „თქვენ არ შეგიძლიათ, გაასწოროთ ის, რაც ფუნდამენტურად გატეხილია“.

„ჩვენ ვნახეთ მისი პოზიცია საჯაროდ და შიგნითაც გვქონდა ამაზე საუბარი, რომ ბინარული არჩევანი არის თეთრი და შავი, ან ასე, ან ისე. მასაც და სხვა კოლეგებსაც შევახსენე, რომ ასეთივე არჩევანს გვიყენებდა ევროკავშირი, როდესაც ამბობდა, ან დაუწესებთ სანქციებს რუსეთს, ან ევროკავშირისკენ თქვენი გზა იქნება პრობლემური და დაკეტილი. მათ შორის, ლატვიის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ დაუწესეთ სანქციები რუსეთს; მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ ამას და ოპოზიცია აქედან ბანს აძლევდა, აქციებიც იყო ამ საკითხთან დაკავშირებით 2022 წლის მარტში, როდესაც ითხოვდნენ, საქართველოს დაეწესებინა სანქციები რუსეთისთვის. მაშინაც ზოგიერთი უცხოელი აქტორი, ევროპული ქვეყანა და ევროკავშირიც გვეუბნებოდა, რომ არჩევანი ორია, თეთრი და შავი – ან უწესებთ სანქციებს რუსეთს, ან თქვენი გზა ევროპისკენ არის გართულებული. ცალ მხარეს იყო, რასაც გვირჩევდნენ პარტნიორები და მეორე მხარეს იყო ჩვენი ეროვნული ინტერესები. ჩვენ ავირჩიეთ ეროვნული ინტერესები და აღმოვჩნდით მართალი. ესეც ვუთხარი კოლეგებს, რომ მაშინ ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და თქვენ – მტყუანი.

მეორე საკითხი იყო სააკაშვილთან დაკავშირებით და, მათ შორის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შევახსენე მისი განცხადება, რომ გაათავისუფლეთ სააკაშვილი, გაუშვით ის საზღვარგარეთ, ეს თქვენი ევროპული მომავლისთვის იქნება მნიშვნელოვანი. მაშინაც ასე შავ-თეთრად გვიყენებდა ბატონი მინისტრი საკითხს, რომ ან ათავისუფლებთ სააკაშვილს, ან პრობლემა ექნება თქვენს ევროპულ მომავალს. ჩვენ კი ვთქვით, რომ ეს არის ჩვენი პარტნიორების რეკომენდაცია, მაგრამ ჩვენი ეროვნული ინტერესია, დამნაშავემ მოიხადოს სასჯელი. ჩვენ, მათ შორის, შიგნით საუბრისას ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ევროპელ კოლეგებს, როდესაც არ დავაწესეთ სანქციები მათი რჩევის საწინააღმდეგოდ, კარგი ვქენით, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს და არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი მათი რჩევის საწინააღმდეგოდ.

ამ სიტუაციაზეც ეს ვუთხარით. გამოდის, რომ თუ ახლაც არა კომპლექსურად, არამედ ასე შავ-თეთრად უყურებთ სამყაროს, რომ ან თქვენს რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, ან ასე იქნება, რა დაზღვევაა, რომ ამ შემთხვევაშიც არ ცდებით, ისევე როგორც წინა შემთხვევაში შეცდით. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი მოწოდება და განწყობა იყო, რომ მთავარია, ურთიერთობა დამყარებული იყოს ურთიერთპატივისცემაზე და გაიგონ ის წუხილები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, მათ ხელში არის რაღაც საკითხები, რაღაცები ჩვენს ხელშია, ჩვენს ხელში არის კანონის მიღების და შინაარსის მიცემის საკითხი, ამას ვაკეთებთ კეთილსინდისიერად, ღია ვართ დისკუსიისთვის. მათ ხელშია, რომ მათი გადამხდელების ფული გამჭვირვალედ დაიხარჯოს საქართველოში, ეს მათი გადასაწყვეტია და შეუძლიათ, ეს გააკეთონ. ამიტომ ჩვენც ველოდებით და ვუყურებთ ევროკავშირს, მათ უნდა აჩვენონ ქართველ ხალხს, რომ დასამალი არაფერია და ნებისმიერი ცენტი ევროკავშირის ფულისა საქართველოში დაიხარჯება გამჭვირვალედ. დღეს, სამწუხაროდ, ასე არ ხდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.