შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ხომ ეჭვი არ გვეპარება, რომ ოპოზიცია როგორც კი მოვა ხელისუფლებაში, დააწესებენ სანქციებს, სავიზო რეჟიმს, აკრძალავენ ფრენებს, ომში ვიქნებით ჩართული, ეს მათი წინასაარჩევნო დაპირებაა
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ხომ ეჭვი არ გვეპარება, რომ ოპოზიცია როგორც კი მოვა ხელისუფლებაში, დააწესებენ სანქციებს, სავიზო რეჟიმს, აკრძალავენ ფრენებს, ომში ვიქნებით ჩართული, ეს მათი წინასაარჩევნო დაპირებაა

საქართველოს ხელისუფლება თუ ამ თავქარიან შემოთავაზებებს აჰყვებოდა, რომელიც 2022 წლის თებერვალ-მარტში ძალიან უხვად იყო უცხოელი აქტორების მხრიდან, დღეს Fitch-ის რეიტინგში საქართველო იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსის ნეგატიური რეკორდსმენი, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Fitch-ის რეიტინგებს, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინის ეკონომიკის ყველა დარგმა 28-თვიანი ომის შემდეგ უდიდესი დარტყმა მიიღო.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სწორედ ეს მიზანი ამოძრავებდა ოპოზიციას და ზოგიერთ უცხოელ აქტორს, როდესაც საქართველოს ომში ჩართვას ცდილობდნენ. ამ შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ჩვენს ქვეყანას ექნებოდა დამანგრეველი შედეგი.

„არა თუ ამ, უარეს მდგომარეობაში იქნებოდა საქართველო, საქართველოს ხელისუფლება მაშინ რომ დაჰყოლოდა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ზოგიერთი უცხოელი აქტორის ზეწოლას და სანქციების, ომში შესვლის და ესკალაციის გზაზე წასულიყო. დღეს Fitch-ის რეიტინგში საქართველო იქნებოდა ნეგატიური რეკორდსმენი ეკონომიკური კოლაფსისა. ციფრებით არის დათვლილი, რა შედეგები ექნებოდა, თუ საქართველოს ხელისუფლება ამ თავქარიან შემოთავაზებებს აჰყვებოდა, რომელიც 2022 წლის თებერვალ-მარტში ძალიან უხვად იყო შიდა თუ გარე აქტორების მხრიდან;

და მეორე, ეს არის კიდევ ერთხელ ცხადი ვიზუალიზაცია ჩვენი ამომრჩევლებისთვის, რა გეგმა აქვს დასახული ოპოზიციას ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ხომ ეჭვი არ გვეპარება, რომ როგორც კი ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, მეორე დღესვე, მათივე სიტყვებია, დააწესებენ სანქციებს, შემოიღებენ სავიზო რეჟიმს, აკრძალავენ პირდაპირ ფრენებს. უკრაინას მიაწვდიან, რაიმე შეიარაღების მიწოდება თუ შეუძლიათ და მოხალისეების ორგანიზების ცენტრებს შექმნიან უკრაინაში გასაგზავნად; და მესამე, დღეს ჩვენ უკვე ვიქნებით ჩართული ომში. ეს არის ოპოზიციის წინასაარჩევნო დაპირება, რომ საქართველოს Fitch-ის რეიტინგში აღმოჩნდეს ნეგატიური რეკორდსმენი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.