შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტისა და ქართული კომპანიის მიერ ერთმანეთის ბოიკოტირება ჩემთვის მიუღებელია
ჩემთვის მიუღებელია როგორც პრეზიდენტის მხრიდან ქართული კომპანიის ბოიკოტირება, ასევე ქართული კომპანიის მიერ პრეზიდენტის ბოიკოტირება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ჯორჯიან ეარვეისს“ ბოიკოტს უცხადებს, ასევე – კომპანიის დირექტორის, თამაზ გაიაშვილის პასუხს, რომელმაც განაცხადა, რომ ავიაკომპანია პრეზიდენტს პერსონა ნონ გრატად აცხადებს და პრეზიდენტი ქართველი ხალხის წინაშე ვიდრე ბოდიშს არ მოიხდის, ბორტზე არ დაუშვებენ.
„ამ საკითხს ვერ შევაფასებ, ეს მათი დიალოგის საკითხია. ჩემთვის მიუღებელია როგორც ის, რომ პრეზიდენტის მხრიდან ხდებოდეს ქართული კომპანიის ბოიკოტირება, ასევე ის, რომ ქართული კომპანიის მხრიდან ხდებოდეს პრეზიდენტის ბოიკოტირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.