შალვა პაპუაშვილი - ბელგიურმა მხარემ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ელიან ტილიესს და სენატის პრეზიდენტ სტეფანი დჰოზის შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს, კოლეგებთან ერთად, ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ელიან ტილიესს და სენატის პრეზიდენტ სტეფანი დჰოზს შევხვდი.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის არსებულ მეგობრობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ასევე დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დასაახლოებლად განსახორციელებელ რეფორმებს“, წერს პაპუაშვილი.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, შეხვედრაზე ისაუბრეს რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში და მის მძიმე შედეგებზე რეგიონისთვის.
„ბელგიურმა მხარემ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ.
წელს, ბელგიის სამეფოს და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავს აღვნიშნავთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.