შალვა პაპუაშვილი - ბედიის ირონიაა, რომ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციისთვის ჩაფიქრებული კამპანია, ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დისკრედიტაციით დასრულდა
ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, როგორ შეთამაშებულად მოქმედებდნენ პარტიები და პარტიებთან დაკავშირებული ორგანიზაციები არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
პაპუაშვილის თქმით, საქმე ეხება გამოგონილი რიცხვების დაუჯერებელ მანიპულაციას, რომლითაც „ევროპული საქართველო“ არჩევნების შედეგებს დღემდე გაყალბებულად აცხადებს.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ორი თვის წინ factcheck.ge-ს მიმართა, „ევროპული საქართველოს“ მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია გადაემოწმებინა.
თუმცა, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, როგორც ჩანს, აღნიშნული ორგანიზაცია არ ამხელს იმ დეზინფორმაციას, რაც არ არის მისთვის სასურველი.
„ორი თვის წინ მივმართე factcheck.ge-ს, გადაემოწმებინა „ევროპული საქართველოს“ ცნობილი ცხრილი. საქმე ეხება აბსოლუტურად გამოგონილი რიცხვების კიდევ უფრო დაუჯერებელ მანიპულაციას, რომლითაც „ევროპული საქართველო“, დღემდე, არჩევნების შედეგებს გაყალბებულად აცხადებს.
ყველა სიტყვის სისწორეზე მოდარაჯე factcheck.ge „ევროპული საქართველოს“ ამ ცხრილს არჩევნებიდან ოთხი თვის თავზეც, რატომღაც, ჯიუტად არ იმჩნევდა.
factcheck.ge-ს საჯაროდ მივმართე და პირადადაც მივწერე. მას შემდეგ ორი თვე გავიდა. რამდენჯერმე შეხსენების შემდეგ, ბოლოს, მომწერეს: პანდემიაა, ბევრი საქმე გვაქვს, მომავალ კვირას შევეცდებითო.
ის მომავალი კვირაც გავიდა. ან კი, ამაზე მნიშვნელოვანი რა საქმე აქვთ, რომ არჩევნებიდან ექვს თვეშიც კი ვერ შეძლეს „არჩევნების გაყალბების“ ასეთი თვალსაჩინო მტკიცებულების გადამოწმება.
გასაკვირი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი – factcheck.ge სერგი კაპანაძისა და ელენე ხოშტარიას მიერ 2012 წელს დაფუძნებული „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) პროექტია. https://bit.ly/3vBt2cn
დეზინფორმაციის მხილება ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რაშიც, სხვადასხვა დონორისგან 1 000 000 ლარამდე დაფინანსებას იღებს, თუმცა, როგორც ჩანს, ამხელს იმას, რაც უნდა და არ ამხელს იმას, რაც არ უნდა.
ალბათ, „არ უნდა და არ ამხელს“ კატეგორიიდანაა ისიც, რომ factcheck-ის ვერდიქტებს თუ დავუჯერებთ, სერგი კაპანაძისა და ელენე ხოშტარიას ნათქვამები არასდროს ყოფილა ტყუილი ან მანიპულაციური. თქვენ წარმოიდგინეთ, მცდარიც კი არ ყოფილა… არასდროს… საერთოდ…
ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, როგორ შეთამაშებულად მოქმედებდნენ პარტიები და პარტიებთან დაკავშირებული ორგანიზაციები არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში.
და ბედიის ირონიაა, რომ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით ჩაფიქრებული კამპანია, საბოლოოდ, ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დისკრედიტაციით დასრულდა.
სახელგატეხილ ოპოზიციაზე არც ვწუხვარ, მაგრამ სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოური ორგანიზაციების მიერ ნაჩუქარ ფულს, საზოგადოებრივი საქმის ნაცვლად, პარტიული დღის წესრიგის გატარებაში იყენებს.
P.S.: სხვათა შორის, ბევრი სახელიანი ორგანიზაციაც იღებს დაფინანსებას დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, მაგრამ არც ერთ მათგანს, სამწუხაროდ, ხმა არ ამოუღია, როცა არჩევნებთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის ნიაღვარი მოდიოდა და ამ ქვეყანას, სწორედ ამ დროს, ყველაზე მეტად სჭირდებოდა სიყალბისა და სიმართლის ერთმანეთისგან გარჩევა“, – წერს პაპუაშვილი.
⭕ ორი თვის წინ მივმართე factcheck.ge-ს, გადაემოწმებინა „ევროპული საქართველოს“ ცნობილი ცხრილი. საქმე ეხება აბსოლუტურად…
Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on Monday, May 3, 2021