შალვა პაპუაშვილი - აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი მტკიცე ორმხრივი კავშირის დადასტურებაა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი მტკიცე ორმხრივი კავშირის დადასტურებაა.
პაპუაშვილმა ამის შესახებ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
„რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მტკიცე ორმხრივი კავშირის დადასტურებაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილი წერს, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერას დიდად აფასებს.
„ჩვენ აღვნიშნავთ ორმხრივი ურთიერთობების 30 წლის იუბილეს და დიდად ვაფასებთ განგრძობით მხარდაჭერას“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა. კანონპროექტმა სრული ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო. კანონპროექტის განხილვისას, გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე.