აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა. კანონპროექტმა სრული ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო.

კანონპროექტის განხილვისას გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე.

ამერიკელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს გვერდით დგომა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას, სიტყვით გამოვიდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიქსი, კონგრესმენები – ჯერი კონოლი და ადამ კინზინგერი.

გრეგორი მიქსის განცხადებით, კანონპროექტის მიღება რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დროულია.

„დღეს, როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და როდესაც რუსეთი ახორციელებს შეჭრას უკრაინაში, ეს გახლავთ ერთგვარი გამომაფხიზლებელი შეხსენება, რომ ქვეყნებს, როგორებიც გახლავთ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, სჭირდებათ ერთად დგომა და ჩვენი განსაკუთრებული მხარდაჭერა. აღნიშნული კანონპროექტი არა მხოლოდ ხაზს უსვამს აშშ-ის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერის ზრდას უსაფრთხოების კუთხით, არამედ, ასევე უზრუნველყოფს ჩვენს მაქსიმალურ მხარდაჭერას საქართველოსადმი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით, რაც, თავის მხრივ, გახლავთ გრძელვადიანი სტაბილურობისა და უსაფრთხოების ქვაკუთხედი“, – განაცხადა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

თავის გამოსვლაში კონგრესმენმა კონოლიმ ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე და აღნიშნა, რომ საქართველომ, როგორც ლიდერმა ქვეყანამ ერთ სულ მოსახლეზე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით, დაამტკიცა თანამშრომლობის მზადყოფნა და სურვილი ნატო-სა და დასავლეთთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში.

„ამის საპასუხოდ, აშშ უნდა დაეხმაროს საქართველოს რუსეთის ნებისმიერი აგრესიისა თუ შეჭრის თავიდან აცილებაში. აღნიშნული კანონპროექტი წარმოადგენს წინა ძალისხმევის გაგრძელებას, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისკენ და სანქციების დაწესებისკენ იმ პირების მიმართ, რომელთაც განახორციელეს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, რისი დამადასტურებელი მაგალითებიც სახეზე გვაქვს, როგორიც გახლავთ ადამიანთა გატაცებები, მკვლელობები და დაკავებები“, – აღნიშნა ჯერი კონოლიმ.

ადამ კინზინგერმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს და მათ ფონზე აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„რუსული აგრესია, რომლის მომსწრენიც ვართ, დღეს სიახლე არ გახლავთ; ეს ყოველივე აშკარა გახდა მსოფლიოსთვის, როდესაც ვლადიმერ პუტინმა უბრძანა თავის შეიარაღებულ ძალებს, შეჭრილიყვნენ სუვერენულ საქართველოში 2008 წელს. იმ ომის დროს ჩვენმა ქართველმა მოკავშირეებმა დაკარგეს სიცოცხლე, შესწირეს ჯანმრთელობა და დაკარგეს ტერიტორიები. ახლა, როდესაც პუტინის წამგებიანი კამპანია ჯერ კიდევ გრძელდება უკრაინაში, მე ვშიშობ, არის საფრთხე, რომ ის მოტრიალდეს აღმოსავლეთით, რათა სახე შეინარჩუნოს. აღნიშნული კანონპროექტი ორჯერ იქნა დამტკიცებული წარმომადგენელთა პალატაში და მას ჰქონდა მტკიცე და საკმაოდ დიდი ორპარტიული მხარდაჭერა. დღეს აქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი, რაც გამოიხატება მზარდ მხარდაჭერაში უსაფრთხოების მიმართულებით,“ – განაცხადა ადამ კინზინგერმა.

აღნიშნული დოკუმენტის კანონად გარდაქმნის გზაზე შემდეგი ეტაპია კანონპროექტის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე დამტკიცება, რის შემდეგ კანონპროექტი გადაეგზავნება აშშ-ის სენატს მისი შემდგომი დამტკიცების მიზნით.