შალვა პაპუაშვილი - ასამბლეის ფარგლებში გვქონდა გამოსვლა და მონაწილეობა მივიღეთ დისკუსიებში, ასევე შევხვდით 20-მდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს, ოთხი სხვადასხვა კონტინენტიდან
შალვა პაპუაშვილი - ასამბლეის ფარგლებში გვქონდა გამოსვლა და მონაწილეობა მივიღეთ დისკუსიებში, ასევე შევხვდით 20-მდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს, ოთხი სხვადასხვა კონტინენტიდან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მონაწილეობა ძალიან ნაყოფიერი იყო.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ასამბლეის ფარგლებში დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო როგორც გამოსვლასა და დისკუსიებში, ასევე დელეგაციის წევრები ოთხი სხვადასხვა კონტინენტიდან 20-მდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

„მათ შორის შევხვდით იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც დღემდე თავს იკავებენ გაერო-ში საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა რეზოლუციის მხარდაჭერაზე. ამიტომ საუბარი გვქონდა, ერთი მხრივ, რამდენად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება, რომელიც ყველა ქვეყანამ დაგვიდასტურა და მეორე მხრივ, რეზოლუციას მხარი დაუჭირონ, რომელიც ეხება იძულებით გადაადგილებულ პირებს, რადგან ეს არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც ყველა ქვეყანას, მიუხედავად მისი სიდიდისა, აქვს ის ერთი ხმა, რომელიც შეუძლია, გამოიყენოს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, ამასთან, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია როგორც რუსეთის აგრესიის, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლში დაბრუნების უფლებასთან დაკავშირებით.

ამიტომ, ეს შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო და იმედი მაქვს, შედეგიც ექნება და შემდეგ ჯერზე, როცა ამ რეზოლუციის მიღება მოხდება გენერალურ ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით, მას მხარს ის ქვეყნები დაუჭერენ, რომელიც აქამდე თავს იკავებდნენ. საპარლამენტო დიპლომატიის ამოცანაც სწორედ ის არის, რომ კოლეგები პირადი კონტაქტებით და საუბრებით დავარწმუნოთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს მხარდაჭერას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.