შალვა პაპუაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების გეგმა იყო, ცესკო არ დაკომპლექტებულიყო, რაც აღმაშფოთებელია
ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევმა კომისიამ მუშაობა გუშინ დაასრულა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ველოდებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კომენტარებიდან პირდაპირ იკვეთება არაავთენტური და კოორდინირებული ქცევა.
„როგორც ჩანს, მათ ხმის მიცემის წესი შეათანხმეს და მხოლოდ ორ კანდიდატს დაუჭირეს მხარი, რომელიც მათივე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი იყო. ეს არათუ რაიმე სტანდარტში ეწერება, არამედ პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტია. ნულოვან სტანდარტს ქვემოთ არსებული სტანდარტია, როცა კონკურსში იმ ორ ადამიანს დაუჭირეს მხარი, რომლებიც მათივე საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ.
პირდაპირ ჩანს, რომ ეს მათი მხრიდან კოორდინირებული და შეთანხმებული ქცევა იყო, რაც იმედგაცრუებას იწვევს, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები თითქოს იმის მოდარაჯეები არიან, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში სტანდარტი იყოს დაცული, მაგრამ თავად ყოველგვარ სტანდარტს მიღმა მოქმედებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გვესმოდა, რომ კომისიას შესაძლოა, კანდიდატები საერთოდ ვერ შეერჩია, რაც მოქმედი კანონით იმას ნიშნავს, თუ ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები ვერ შეირჩეოდა, პირველი აგვისტოდან ცესკო-ს პარტიული ნაწილი დაკომპლექტდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გვეყოლებოდა ოპოზიციური უმრავლესობის მქონე ცესკო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების გეგმა იყო, ცესკო არ დაკომპლექტებულიყო და შედეგად, ცესკო-ში ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, რომლის თავმჯდომარე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იქნებოდა, ეს ამ საქმეში ყველაზე აღმაშფოთებელია.
„როგორც ჩანს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკური მხარე დაიჭირეს, რაც ყოველგვარ სტანდარტს სცდება. რაც შეეხება კანდიდატებს, ვნახოთ, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. კანდიდატების პროფესიონალიზმის მიმართ პრეტენზიები არ არსებობს. ზოგადი პრეტენზია აქვთ არასამთავრობოებს, რომ მათ შინაგან მაღალ სტანდარტს არ შეესაბამება ნდობა თუ დამოკიდებულება. ეს მაშინ, როცა თავად არანაირ სტანდარტში არ ჯდებიან და პირდაპირ კონფლიქტში იყვნენ, როცა საკუთარ წევრებს ხმა მისცეს. გასაგები იქნებოდა, მხარი სხვებისთვისაც დაეჭირათ. პირდაპირ ერევიან პოლიტიკაში, პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგის გატარება უნდათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დასრულებულია. საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი, ხოლო წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია.
კომისიის გადაწყვეტილებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად შერჩეულნი არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის კანდიდატებად: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.