საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი, ხოლო წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია
საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი, ხოლო წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეებისგან დაკომპლექტებული 11-კაციანი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი შეირჩა. რაც შეეხება წევრობის კანდიდატებს, მათგან კომისიამ ხუთი შეარჩია. კომისიის სხდომა გვიან ღამემდე გაგრძელდა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად შერჩეულნი არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის კანდიდატებად: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.

IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის განმარტებით, მან მხოლოდ ცესკო-ს წევრობის ორ კანდიდატს დაუჭირა მხარი. მისივე თქმით, მას მხარი არ დაუჭერია თავმჯდომარის თანამდებობაზე შერჩეული ორი კანდიდატისთვის.

„კომისიამ შეარჩია ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი და წევრობის ხუთი მსურველი კანდიდატი. უკვე გადაეგზავნა პრეზიდენტს. ამის შემდგომ პრეზიდენტი შეარჩევს ან არ შეარჩევს თითო ვაკანტურ პოზიციაზე ორ წევრს და გადაუგზავნის პარლამენტს დასამტკიცებლად. ამით სამუშაო პროცესი ამოწურულია. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას მიეცა საშუალება, სრულად ედევნებინა თვალყური, თუ როგორ მიმდინარეობდა გასაუბრებების პროცესი. ადევნებდნენ თვალყურს, რა კითხვები ისმებოდა კომისიის წევრების მხრიდან და როგორი იყო პოზიციები უშუალოდ კანდიდატების მხრიდან, რა არგუმენტები არსებობდა. რაც მთავარია, ოქმთან ერთად, წარმოდგენილი იქნება ყველა წევრის დასაბუთება კენჭისყრის შედეგად, თუ რატომ დაუჭირა მხარი. მაგალითად, მე მხოლოდ ორ წევრს დავუჭირე მხარი. ესენი არიან წევრობის კანდიდატები. რაც შეეხება თავმჯდომარის პოზიციაზე კანდიდატებს, არც მე და არც ჩემმა სხვა კოლეგებმა მხარი არ დაუჭირეს. მე გამიჩნდა განცდა,რომ იმ თავმჯდომარეობის კანდიდატებს, რომლებსაც მხარი დაუჭირეს, გარდა ქალბატონი მარინა ჩიტიშვილისა, ყველა იყო შეთანხმებული პოზიცია და ეს ნამდვილად არასწორია. ჩვენ ყველამ დავასაბუთეთ ჩვენი პოზიცია. მე რატომ არ დავუჭირე მხარი, ეს იყო ჩემი ძირეული კრიტერიუმები – კანდიდატი უნდა ყოფილიყო პრინციპული და დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში, ასევე მიუკერძოებელი. მე იმ ორ კანდიდატში ეს ნამდვილად ვერ დავინახე და შესაბამისად, ჩემი მაღალი სტანდარტით მივეცი ხმა, მაგრამ დანარჩენმა წევრებმა, ჩემი აზრით, შეაფასეს შედარებით დაბალი სტანდარტით. ქალბატონი პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს სამი დღის განმავლობაში და წარუდგენს პარლამენტს“, – განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

საია-ს თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის ინფორმაციით, მან მხარი დაუჭირა წევრობის სამ კანდიდატს, რადგან მიაჩნია, რომ დანარჩენ ორთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან სანდოობა ვერ იარსებებს.

„კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ძალიან პრინციპულ ნაწილთან მიმართებით მე, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები კომისიის გადაწყვეტილებას. საუბარია, რომ კომისიამ პრეზიდენტს წარუდგინა თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი, რომელთა მიმართაც, ვფიქრობ, ​საზოგადოებაში არ იქნება მაღალი სანდოობა ბევრი მიზეზის გამო და შესაბამისად, არ უნდა ყოფილიყო ასეთი გადაწყვეტილება მიღებული. მე განსხვავებული აზრი დავწერე ისევე, როგორც ჩემმა კოლეგებმა სამოქალაქო სექტორიდან. ამის გაცნობის საშუალება საზოგადოებას ექნება. მე ამ ადამიანების პროფესიონალიზმს არ ვეხები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმს, რომელიც არის მაღალი საზოგადოებრივი სანდოობა და ყველა პოლიტიკური ძალა მათ ვერ ენდობა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები. ვფიქრობ, გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ გამოიყენა ან ძალიან დაბალი სტანდარტები, ან ეს იყო წინასწარ შეთანხმებული მოქმედება. თუმცა, ეს კითხვები მე მარინა ჩიტიშვილთან მიმართებით არ მაქვს და მის გულწრფელობაში დარწმუნებული ვარ. წევრობასთან მიმართებით კომისიას შეეძლო, რომ მინიმუმ ოთხი და მაქსიმუმ ექვსი კანდიდატი წარედგინა პრეზიდენტისთვის და ჩვენ წარვუდგინეთ ხუთი კანდიდატი. მე თვითონ მხარი დავუჭირე სამ კანდიდატს, რადგან იმ ორის მიმართ ვთვლი, რომ სანდოობა ვერ იქნება. სამოქალაქო სექტორს განსაკუთრებული ბერკეტები არ გაგვაჩნია. ჩვენი პოზიცია დაფიქსირებულია ჩვენს დასაბუთებაში თითოეულ კანდიდატთან მიმართებით. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი პარლამენტს გადასცემს საკითხს, ჩვენც შევეცდებით, რომ ჩვენი პოზიცია პარლამენტს გავაცნოთ. კანდიდატებს, რომლებიც ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე არიან წარდგენილნი, ვფიქრობ, მხარი არ უნდა დაეჭიროს“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

შეთავაზებულ კანდიდატურებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კომისიის გადაწყვეტილებას დაეთანხმება, თითო ვაკანტურ პოსტზე ორ კანდიდატს ის პარლამენტს წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანომ ცესკო-ს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დასამტკიცებლად, მას მხარდაჭერა ხმების 2/3-ით, ანუ მინიმუმ 100 ხმით უნდა გამოუცხადოს.

დატოვე კომენტარი