შალვა პაპუაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს ორბელიანების სასახლეში შეხვედრაზე გიორგი ვაშაძესა და არჩილ თალაკვაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არ ადასტურებს გიორგი ვაშაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პრეზიდენტის სასახლეში მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმომწერების მონაწილეობით შეხვედრისას ამნისტიის შინაარსის გარშემო ვაშაძესა და არჩილ თალაკვაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს გრაფიკთან დაკავშირებით, თუ რა ვადებში უნდა მომხდარიყო აქტის მიღება.
„არა, რა თქმა უნდა, წინააღმდეგნი კი არა, ჩვენ ცალმხრივად ხელი მოვაწერეთ დანიელსონის დოკუმენტს. ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით, რაც შემოგვთავაზა ევროკავშირმა, ზუსტად ის წერია იქ. ეს იყო სწორედ ევროკავშირის იდეა. არაფერი დაპირისპირება არ მომხდარა, საუბარი იყო გრაფიკთან დაკავშირებით, რა ვადებში უნდა ყოფილიყო ამნისტიის მიღება. ეს ყველაფერი გავიარეთ და შევათანხმეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრას „ლელოს“ წარმომადგენელი მოგვიანებით შეუერთდა, ვინაიდან საპატიმროში ნიკა მელიასთან იმყოფებოდა.
როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, შეხვედრაზე „ლელოს“ წარმომადგენელმა თქვა, რომ ნიკა მელია უარს ამბობდა გირაოზე.
„რაც შეახება პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრას, იმ დროს „ლელოს“ წარმომადგენელი იმყოფებოდა მელიასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მოგვიანებით შემოუერთდა მიღებას შარლ მიშელთან ერთად. მაშინ გაახმოვანა პირველად „ლელოს“ წარმომადგენელმა, რომ ნიკა მელიას შევხვდი და ის გირაოს წინააღმდეგია, იქნებ, რამე სხვა ვარიანტი იყოსო. მაშინ ვაშაძე „ლელოს“ წარმომადგენელს შეეწინააღმდეგა. ხელშეკრულება ხელშეკრულება არის, ამაზე მიშელიც საუბრობდა. ბოლოს და ბოლოს შეთანხმება შედგა და ნახევარი საათი არ არის გასული, ზრდასრული ადამიანები იწყებენ შემდეგ რაღაც შემოვლით საუბრებს, იქნებ, სხვანაირად, იქნებ ასე, ისე. სიმართლე გითხრათ, მოტივაციაც ვერ გამიგია, რა რჯის, მაგალითად, „ლელოს“, რომ თავს ასეთ არასერიოზულ მდგომარეობაში იგდებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ორბელიანების სასახლეში შარლ მიშელის ეგიდით შედგენილ დოკუმენტზე ხელმომწერების მონაწილეობით სადილი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა.