შალვა პაპუაშვილი - 7 ნოემბრისა და 20 ივნისის აქციების ერთ კონტექსტში განხილვა არ არის სწორი არც პოლიტიკურად, არც ადამიანურად
20 ივნისს ჩვენ ვნახეთ პირდაპირი მოწოდება, რომ აქციის მონაწილეები ძალადობრივად შესულიყვნენ პარლამენტში, ამის შედარება 7 ნოემბერთან, როდესაც იყო მშვიდობიანი აქცია, არ არის სწორი არც პოლიტიკურად, არც ადამიანურად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა იაგო ხვიჩიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით „გირჩი“ ისეთივე კანონპროექტებს ამზადებს, როგორიც არის ამნისტიის კანონპროექტი 20 ივნისთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, რომ 7 ნოემბრის შედარება 20 ივნისის აქციასთან არ არის სწორი, არც პოლიტიკურად, არც ადამიანურად. ჩვენ გვახსოვს 7 ნოემბრის მიზეზები რა იყო, რა მოხდა 7 ნოემბერს და ჩვენ ვიყავით ასევე მომსწრე 20 ივნისთან დაკავშირებული საკითხების. 20 ივნისს ჩვენ ვნახეთ, რომ ეს იყო პირდაპირ შეტევა სამართალდამცველებზე, რომლებიც იყვნენ განთავსებული პარლამენტის შენობასთან. 20 ივნისს ჩვენ ვნახეთ პირდაპირი მოწოდება, რომ აქციის მონაწილეები ძალადობრივად შესულიყვნენ პარლამენტში, ამის შედარება 7 ნოემბერთან, როდესაც იყო მშვიდობიანი აქცია, არ არის სწორი არც პოლიტიკურად, არც ადამიანურად. 20 ივნისი იყო პირდაპირი შეტევა სამართალდამცველებზე, რომლებიც განთავსებული იყვნენ შენობასთან, იყო პირდაპირი მოწოდება პარლამენტის შენობაში ძალადობრივად შესვლის და ამის საპირისპიროდ ჩვენ გვახსოვს, რა იყო 7 ნოემბრის საფუძველი, რა მოხდა. გვახსოვს ის სისასტიკე, რომლითაც მოეპყრნენ მაშინ აქციის მონაწილეებს. ასე რომ, ვფიქრობ, არასწორია მათი მხრიდან, თუკი სურთ, რომ ერთ კონტექსტში განიხილონ 7 ნოემბრის აქცია და 20 ივნისის აქცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების პარლამენტში შეტანას „გირჩი“ ორშაბათს, 24 მაისს გეგმავს.