შალვა პაპუაშვილი - 2008 წლის ომი, სულ მცირე, მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკური დანაშაულია, ამას დიდი საუბარი არ სჭირდება, თუმცა არ ვიცი, გამოძიება რამდენად რელევანტურია ამ მომენტისთვის
2008 წლის ომი რომ, სულ მცირე, მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკური დანაშაულია, ამას დიდი საუბარი არ სჭირდება, თუმცა არ ვიცი, გამოძიება რამდენად რელევანტურია ამ მომენტისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაზე, რომ „გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს თუ შეაწყალებინებს, არჩევნებს აღარ დაელოდებიან და აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ახლავე მოითხოვენ“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მაშინდელი ხელისუფლება პოლიტიკური დამნაშავეა იმ უბედურებებისთვის, რაც საქართველოში ტრიალებდა, 2008 წლის აგვისტოს ომის ჩათვლით.
„2008 წლის აგვისტოს ომზე თავად „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს – ის არის მონაწილე იმ რეზოლუციის, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობა მიიღეს და მხარი დაუჭირეს, სადაც ისინი ქართულ ჯარზე ამბობდნენ, რომ საომარი მოქმედებები სწორედ ქართველმა ჯარისკაცებმა დაიწყეს. წლებია, ვცდილობდით, ამ საკითხისთვის თავი აგვერიდებინა, მათ შორის ჰააგასა და სტრასბურგში სასამართლო პროცესების გამო. ყველა ეს პროცესი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ეს საქმეები იმდენად სუსტად ყოფილიყო მომზადებული, რომ საქართველოს წაეგო. ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ყველაფერი შემოატრიალა და პროცესები მოვიგეთ.
2008 წლის ომი რომ, სულ მცირე, ხელისუფლების პოლიტიკური დანაშაულია, მგონი, ამას დიდი საუბარი არ სჭირდება. საჭიროა თუ არა გამოძიება და ა.შ. ეს არ ვიცი, რამდენად რელევანტურია ამ მომენტისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი პოლიტიკური დამნაშავეები არიან იმ უბედურებებში, რაც საქართველოში მათი ხელისუფლების დროს ტრიალებდა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის ჩათვლით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.