შალვა ნათელაშვილმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართა
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართა.
შესაბამისი განცხადება შალვა ნათელაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარადგინა.
„ვიწყვეტ სადეპუტატო უფლებამოსილებას და ვდებ ამ მანდატს ქართველი ხალხის წინაშე. მანდატიც, პარლამენტიც, ძალაუფლებაც, მთავრობაც და ეროვნული სიმდიდრეებიც ჩვენს ხალხს ეკუთვნის და მისი მითვისების უფლება არავის არ გააჩნია. ჩვენ უარს ვამბობთ ხელფასებზე, პრემიებზე, კაბინეტებზე, ავტომანქანებსა და ყველა იმ პრივილეგიაზე, რომელიც პარლამენტში შესულ „ქართუ ბანკის“ ივანიშვილისეულ ხროვას არ ეკუთვნის. მათ მიიტაცეს ძალაუფლება, ხელისუფლების იზურპაცია მოახდინეს. დროა, ეს შენობა დაცალონ, წავიდნენ იქ, სადაც მათი ადგილია. ქართველ ხალხს ისინი აქ არ აურჩევია. ივანიშვილის ტირანია ძალიან მალე დამთავრდება. ჩვენ უახლოეს ხანში მოწმენი გავხდებით საარჩევნო რეფორმების, რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციის და მონაწილენი გავხდებით ახალი დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების, რომელიც მოიტანს მრავალპარტიულ, პასუხისმგებლობით სავსე კოალიციურ მთავრობას.
ეს განცხადება დაწერილია გულით, ტკივილით და მე დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წლის შემდეგ ავყიები და ბოროტები, ვისაც პათოლოგიურად ვძულვარ უკვე 30 წელია, არ დამიწყებენ საქმის გარჩევას, რომ ამირჩიეს და არ შევედი თურმე პარლამენტში. ასეთ პარლამენტში შესვლა შეიძლება?! ასეთი ხელისუფლების ლეგიტიმაცია შეიძლება?! ეს ხომ დანაშაული იქნება საუკუნის და მომავალი თაობის წინაშე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
როგორც ნათელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის ერთიანობის შედეგად, პარლამენტის სხდომა „ქართული ოცნების“ პარტიულ კრებად იქცა.
„ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს საარჩევნო გზით და თავში აზრად არავის უნდა მოუვიდეს ძალაუფლების უზურპაცია, ბიუჯეტის სახლში წაღება, ხალხის გაღატაკება, ეროვნული სიმდიდრის მითვისება. ყველა ამგვარი აზრის მატარებელი დამნაშავე და ტირანი სასტიკად უნდა დაისაჯოს. ეს სასჯელი ძალიან მალე ბიძინა ივანიშვილს არ ასცდება.
დღეს ოპოზიცია ერთიანია, როგორც არასდროს. ოპოზიციამ დამნაშავე ხროვა მარტო დატოვა პარლამენტის სხდომათა დარბაზში და ეს სტრუქტურა ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივის კრებად გადაიქცა. კრება მალე დაამთავრებს. ხალხი მოგადგებათ და თქვენგან გაათავისუფლებს მის კუთვნილ შენობას“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
რაც შეეხება პარლამენტში შეტანილ განცხადებას, მასში წერია: „საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის, მე-5-ე პუნქტის, ა-ქვეპუნქტის შესაბამისად, გთხოვთ, შენიწყვიტოთ საქართველოს პარლამენტის წევრიე უფლებამოსილება. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მასობრივად გაყალბდა. შესაბამისად, პარლამენტი არალეგიტიმურია. დაიშალეთ! დანიშნეთ ახალი არჩევნები, სანამ ჯერ კიდევ დროა. იფიქრეთ ქვეყანაზე და არა საკუთარ პერსონაზე“.