შალვა ნათელაშვილის პასუხი საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, 2017 წელს გიგი უგულავას ფულის მჭამელს უწოდებდა და როდის შეიცვალა პოზიცია - გუშინ იყო ასე, დღეს არის ისე, ხვალ თუ იქნება სხვანაირად, შეფასებაც იქნება სხვანაირი

გუშინ იყო ასე, დღეს არის ისე, ზეგ თუ იქნება სხვანაირად, შეფასებაც იქნება სხვანაირი, – ასე უპასუხა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას.

კითხვა შეეხებოდა გიგი უგულავასთან დაკავშირებით 2017 წელს შალვა ნათელაშვილის პოზიციას, კერძოდ „ლეიბორისტთა“ ლიდერის განცხადებას, რომ „გიგი უგულავა იყო ოპოზიციის დამრბევი და დიდი ფული შეჭამა, რაც მის სისხლის სამართლის საქმეში კარგად ჩანს“.

ჟურნალისტმა შალვა ნათელაშვილს მიმართა კითხვით, როდის შეიცვალეთ პოზიცია უგულავასთან დაკავშირებით.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ადამიანი გახდება დევნილი, პოლიტიკური პატიმარი და რეპრესირებული, მასზე ვინ რას ამბობდა გუშინ, ამას არავითარი მნიშვნელობა არც ისტორიულად, არც პოლიტიკურად, არც ზნეობრივად. გუშინ იყო ასე, დღეს არის ისე, ზეგ თუ იქნება სხვანაირად, შეფასებაც იქნება სხვანაირი. შეფასებას პოლიტიკოსები ხომ არ ვიგონებთ, რეალობა გვკარნახობს. რეალობა არის ისეთი, რომ კაცი ერთი და იგივე სამართალდარღვევაზე მესამედ მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში და დააპატიმრეს ერთადერთი მოტივით, რომ მას უკავია შეურიგებელი პოზიცია იმ გველეშაპის მიმართ, რომელმაც სული ამოხადა ქვეყანას. ის არის პოლიტიკური პატიმარი და ძალიან მალე, გუშინ რაც ვიხილეთ ბატონ უგულავას ციხეში შესვლის პროცედურებზე, იგივე გაუმეორდება მას, ვინც გასცა ეს ბრძანება, მისი გვარი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. შეიძლება დღეს ვენდოთ ივანიშვილის, თადუმაძის ფარცხალაძეების პროკურატურას სასამართლოში შეკოწიწებულ სისხლის სამართლის საქმეს. საერთოდ დაკარგული აქვს ნდობა რეჟიმს მის სასამართლოს და პროკურატურას“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამასთან, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თქვენ საკმარის პრემიებს გამოგიწერენ, თქვენს ტელევიზიებს, ღმერთმა მეტი მოგცეთ. სახელმწიფო დაფინანსებაზე ხომ არის პირველი არხი. პრემიები იმ შუაშია, რომ თქვენ გეკუთვნით უფრო მეტი ხელფასი და პრემია, ვიდრე გაქვთ. თქვენ მუშაობთ. თქვენი ბორდი 20-20 ათასლარიან ხელფასებს რომ იღებს, ამას არ იმსახურებს. ამათ თქვენ იმსახურებთ, ჟურნალისტები“.

რაც შეეხება შალვა ნათელაშვილის 2017 წლის განცხადებას გიგი უგულავაზე, ამის შესახებ ნათელაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში ისაუბრა. აღნიშნული განცხადების ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.