შალვა ნათელაშვილი სოჭში შეკრებილ აფრიკელ ლიდერებს მიმართავს, რუსეთს სანქციები დაუწესონ ოკუპაციისა და გენოციდისთვის
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოჭში შეკრებილ 42 ქვეყნის მთავრობათა მეთაურებს მიმართავს.
„ლეიბორისტული პარტიის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა ნათელაშვილი აფრიკელ ლიდერებს შეახსენებს, რომ ისინი დღეს იმყოფებიან ტერიტორიაზე, რომელიც 20-იან წლებში წაერთვა საქართველოს.
შალვა ნათელაშვილის თქმით, სოჭიდან რამდენიმე კილომეტრში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიტაცებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, ამიტომ სოჭში შეკრებილმა ლიდერებმა უნდა ამოიღონ ხმა, გამოხატონ პროტესტი, დაუწესონ რუსეთის ფედერაციას სანქციები ოკუპაციისა და გენოციდისთვის, სანამ მათ არ დადგომიათ იგივე საფრთხე.
სოჭში რუსეთ-აფრიკის სამიტი მიმდინარეობს, სადაც 50-მდე აფრიკული ქვეყნის ლიდერები არიან შეკრებილი.