შალვა ნათელაშვილი - შეიძლება, ნათელაშვილი იყრიდეს კენჭს და თქვენ ეშმაკებისკენ გარბოდეთ?
ეს საზოგადოება არც თავგანწირვას აფასებს, არც სიკეთესა და ბოროტებას არჩევს ერთმანეთისგან, არც თავისი თავისთვის უნდა კარგი. შეიძლება „ლეიბორისტული პარტია“ გყავდეს ქვეყანას ამდენი წელი და ხმები სახვეწარი იყოს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, მთელ საქართველოს პრეტენზიები რომ აქვს „ლეიბორისტულ პარტიასთან“, ეს არის გულსატკენი.
„შეიძლება, ნათელაშვილი იყრიდეს კენჭს და იმ არჩევნებში „გრეჩიხა“ აირჩიოთ პრეზიდენტად? შეიძლება, ნათელაშვილი იყრიდეს კენჭს და სალომე ზურაბიშვილი აირჩიოთ პრეზიდენტად? შეიძლება „ლეიბორისტული პარტია“ იყოს წამოსული ასპარეზზე და გეუბნებოდეთ თქვენ სიკეთეს, თქვენ სამუშაო ადგილებს, დაბალ გადასახადებს, ოლიგარქიის დამარცხებას, ქვეყნის განვითარებას, ცივილიზებულ ორიენტაციას, დასავლურ და სხვა ორიენტაციას, გეუბნებოდეთ უფასო განათლებას, ჯანდაცვას, თან ამას აკეთებდეს ოპოზიციური მდგომარეობიდანაც კი და თქვენ ეშმაკებისკენ გარბოდეთ. სწორს გიკეთებ ეს ხაზარაძე, ვაშაძე და სხვები, რადგან თქვენ გიყვართ ვინც გჩაგრავთ, გატყუებთ, ძალადობს, გაუპატიურებთ, გიჭერთ, ეს ძალები გიყვართ და იმას აღიარებთ. მთელ საქართველოს რომ ჩემთან გაქვთ პრეტენზიები, ეს მტკენს გულს. მე მაშინ ასე უნდა გამეკეთებინა ალბათ, ფული მეშოვა, ოლიგარქებთან გავრიგებულიყავი, ვაშაძეზე და ხაზარაძეზე მეტ ფულს კი ვიშოვიდი, სად იყო ხაზარაძე უმუშევარი დაიარებოდ მაშინ. ფული უნდა მეშოვა, მერე მეყიდა ეს ხმები და არჩევნების დროს გამომეტანა. თუ ასე გაგრძელდება, არაფერი გეშველებათ. ერთადერთი პარტია, რომელიც თქვენ ინტერესებს დაიცავს, სისტემას დაუპირისპირდება და შექმნის ახალ ცხოვრებას „ლეიბორისტული პარტია“ და მე ვარ. არ გინდათ? მრავალი ათეული წელი გეოპოლიტიკურ ხაფანგში იქნებით. არ დაიწყოთ მერე, რა გვეშველება? რასაც იმსახურებთ, ის მთავრობა გყავთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.