შალვა ნათელაშვილი - „სამართლიანი არჩევნები“ ისევე მოსყიდული, დაბულინგებული და მართვადია, როგორც დანარჩენი სახელმწიფო სტრუქტურები
შალვა ნათელაშვილი - „სამართლიანი არჩევნები“ ისევე მოსყიდული, დაბულინგებული და მართვადია, როგორც დანარჩენი სახელმწიფო სტრუქტურები

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ისევეა ბიძინა ივანიშვილისა და თამარ ჟვანიას კონტროლის ქვეშ, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, „სამართლიანი არჩევნები“ ისევე მოსყიდული, დაბულინგებული და მართვადია, როგორც დანარჩენი სახელმწიფო სტრუქტურები ქვეყნაში.

„დაანებონ თავი უაზრო, უკბილო თავის მართლებას, მათ საკუთარი კარიერა დაამთავრეს ამ ფორმით, აღნიშნული ორგანიზაციის შენარჩუნება დაუშვებელია, რადგან ისინი გახდნენ რუსი ოლიგარქის ადეკვატური, ამ დროს გრანტებს იღებენ ამერიკიდან. ცნობის სახით მოგახსენებთ, რომ მითითებულ ორგანიზაციაში, ერთ-ერთ წამყვან ფიგურად, არც მეტი, არც ნაკლები, არჩევნების გამყალბებელი კენტავრი ქალბატონი ჟვანიას ქმარია. საოჯახო ბიზნესი აქვთ აწყობილი, ცოლი არჩევნების შედეგს ადასტურებს, ქმარი გადათვლის შედეგებს უმოწმებს. მელა და კუდი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამასთან, შალვა ნათელაშვილს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს საკითხზე, ვისთვის რას ცვლის „სამართლიანი არჩევნების“ განცხადება.

„ვინაიდან მმართველმა გუნდმა დაარღვია მოლაპარაკების დროს მიღწეული შეთანხმება, ამ დეტალზე, თუ ეს ორგანიზაცია როგორ გამოჩნდა განხილვის მოდელში და არ ისაუბრებდა. მეორე დღეს ჩაატარეს ბრიფინგი და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ იმ ნიუანსების გარეთ გამოტანაში, რაც ხდებოდა. მე იძულებული ვარ, დაკონკრეტებისთვის მოგახსენოთ შემდეგი, რომ ეს ორგანიზაცია, როგორც ობიექტური შემფასებელი, წარმოჩინდა მოლაპარაკებათა ფორმატში ირაკლი კობახიძისა და არჩილ თალაკვაძის მიერ. რომლებმაც განგვიცხადეს, რომ მოვახდინოთ გადათვლა, შევადაროთ შედეგები ამ ორგანიზაციის დათვლის მონაცემებს და თუ ერთი პროცენტი დაჯდება განსხვავება, მაშინ ჩვენ დავნიშნავთ ახალ არჩევნებსო. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმავე წუთს ვკითხეთ, რა ეშველება დატერორებულ, დაბულინგებულ ამომრჩეველს, რომელსაც მიაცემინეს ხმა, რომელიც გადააქციეს რობოტად. რა ეშველება იმ 800 საარჩევნო უბანს, სადაც საშინელი ბალანსია მეტობის კუთხით, 120% აქვს აღებული „ქართულ ოცნებას“, რა ეშველება იმ დატერორებულ პედაგოგებს, პოლიციის მუშაკებს, ოფიცრებს, რომლებიც გაამწკრივეს უბანზე და პირდაპირ მიაცემინეს ხმა და მერე მოსთხოვეს სურათის გადაღება შემოხაზულ ბიულეტენზე. რა ეშველება იმ უამრავ გარდაცვლილს, რომელიც გააცოცხლეს და არჩევნებში მიაღებინეს მონაწილეობა, რა ეშველება იმ უამრავ ემიგრაციაში წასულ ქართველს, რომლებსაც უკვე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ მიღებული და ამომრჩევლად აქ ირიცხებიან. როგორ გასწორდება ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემთან შედარებით რეალურ ვითარებასთან, აი, ეს გრანდიოზული საკითხები. ამაზე პასუხი ვერ გაგვცეს და რადგან პასუხი ვერ გაგვცეს, რა თქმა უნდა, ეს საკითხი ისე არ გადაწყდა, როგორც მათ უნდოდათ. ძალიან კარგიც ვქენით, რომ ასე არ გადაწყდა. რადგან, როგორც დავინახეთ უკვე თვე-ნახევრის შემდეგ, დააწყებინეს „სამართლიან არჩევნებს“ გასწორება, ისედაც არასწორი დათვლების და არასწორი მონაცემების იმ დონეზე, რომ ის ერთპროცენტიანი განსხვავებაც, თუ ვინიცობაა თანხმობა იქნებოდა არ აღმოჩენილიყო და არ დაჭირვებოდათ ახალი არჩევნების დანიშვნა.

შეიძლება, ადამიანი გუშინ იყოს ანგელოზი და დღეს გახდეს მკვლელი. არასამთავრობო შეიძლება გუშინ იყო სანდო და დღეს გამოაჩინოს თავისი სახე, როგორც გამოაჩინა „სამართლიანმა არჩევნებმა“. სწორი გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციამ, რომ არ მისცა თანხმობა ხელისუფლებას ამ წარმოდგენილ ინიციატივაზე, თუმცა მაშინვე გაგვიჩნდა ეჭვი, ასე დაჟინებით რატომ მოითხოვდნენ მაინცდამაინც ამ არასამთავრობოს მიერ მიღებული შედეგების შედარებას მთლიანად არჩევნების ბალანსთან. ეჭვი მაშინვე გაგვიჩნდა და დიდი ინტელექტი ამ ეჭვის გაჩენას არ სჭირდებოდა. უკვე უჩანდა პირდაპირ კობახიძის შუბლზე, რომ გარიგება მიღწეული იყო და თუ მივცემდით თანხმობას და დაიწყებოდა გადათვლა, ისინი მიაახლოებდნენ ისე ჟვანიას დაწერილ მონაცემებთან, რომ ერთპროცენტიანი სხვაობა არ დამჯდარიყო და შესაბამისად, გვეტყოდა რომ უმაღლეს სტანდარტებზე ჩატარდა ყველაფერი. ამიტომ, ეს ოპერაცია ჩაეშალათ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.