შალვა ნათელაშვილი - ქართული გენი, ნიჭი და ტალანტი, რომელიც ულამაზეს ბავშვებშია, ხელშეწყობილი, განვითარებული და კოსმოსში ატყორცნილი იქნება
ქართული გენი, ნიჭი და ტალანტი, რომელიც ულამაზეს ბავშვებშია, ხელშეწყობილი, განვითარებული და კოსმოსში ატყორცნილი იქნება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ნათელაშვილმა განაცხადა, საქართველოში არც ერთი სპორტული სექცია ფასიანი არ უნდა იყოს.
„ჩვენ ვიცით, რომ ასეულობით მილიონი იხარჯება სპორტული ფედერაციებისთვის, იმისთვის რომ გამოზარდონ ერთეული ზონდერები, რომლებიც მერე ჩაერევიან ახალგაზრდების კამათში და დახოცავენ ხალხს, ან მივლენ საარჩევნო უბანზე, სცემენ პოლიტიკოსებს და გააყალბებენ არჩევნების შედეგებს. ამის ფულს იხდიან ანგელოზების მშობლები და ჩვენი ხალხი, რომ ასეთი ზონდერები წარმოიშვან და იმავდროულად მილიონობით შეჭამონ ჩვენი ბიუჯეტიდან. შეწყდება ყოველგვარი დაფინანსება სპორტულ ფედერაციებზე. დაფინანსება წავა მასობრივი სპორტის განვითარებაზე და არც ერთი სპორტული სექცია არ იქნება ფასიანი. დღეს მშობლებს ვერ შეჰყავთ ბავშვები სპორტზე, რადგან ჰარვარდის ფასებია ლამის და იქაც, ძლიერთა ამა ქვეყნისას შვილებს და შვილიშვილებს აქვთ საშუალება შევიდნენ და ისწავლონ. ამიტომ, საქმე რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გვაქვს, მაგრამ მე ჩამოვთვალე პირველხარისხოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ ოლიგარქების წასვლისთანავე იქნება მიღებული, რაც მოგვცემს იმის გარანტიებს, რომ ქართული გენი, ქართული ნიჭი და ქართული ტალანტი, რომელიც ულამაზეს ბავშვებშია, იქნება ხელშეწყობილი, განვითარებული და კოსმოსში ატყორცნილი. ამის რეალური შანსი ჩვენ გვაქვს და ამ შანსს გამოვიყენებთ ჩვენი შვილებისათვის“, – განაცხადა ნათელაშვილმა.