შალვა ნათელაშვილი - ოცი წელია, მანდატის გარეშე კისერს ვუგრეხ ყველა ჯურის ხელისუფლებას, ახალი არჩევნები თუ არ იქნება, რევოლუცია გარდაუვალია
ოცი წელია, მანდატის გარეშე კისერს ვუგრეხ ყველა ჯურის ხელისუფლებას და ეს იქნება მესამე, რომელსაც მანდატის გარეშე გავისტუმრებ უმანდატო ქვეყანაში, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.
„ქუჩაში უკვე ვართ. ბიძინა ივანიშვილი ისე ახლოს არის ჩვენთან, როგორც არასდროს. ამიტომ თუ ის არ წავიდა ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, რევოლუცია, ანუ ხელისუფლების შეცვლა არასაარჩევნო გზით, გარდაუვალი იქნება. ეს არ იქნება ოპოზიციის ბრალი, ტელევიზიის მუშაობის შედეგი ან ზეციური განგების ასახვა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია ერთმანეთთან ცვლის ინფორმაციას, ატარებს კონსულტაციას.
„ჯგუფურადაც ხვდებიან. შესაბამისად, იმ საკითხებზე, რაც საერთო გადასაწყვეტია, საქმის კურსში ვართ. ის, რაც ორი ან რამდენიმე პარტიის ურთიერთინტერესს ეხება. მე არ ვცდილობ, ჩავერიო. გუშინ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილმა კომენტარი გააკეთა „გირჩის“ წარმომადგენლის, იაგო ხვიჩიას გუშინდელ განცხადებაზე, რომლის თქმითაც, მოეჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მას დაემუქრა.
„ვფიქრობ, ბატონმა იაგომ გემრიელად იხუმრა ბატონ ნიკასთან დაკავშირებულ საუბარსა და მის შედეგებზე. ოპოზიციაში არც ერთი ლიდერი იმას არ დაიჯერებს, რომ მას შეუძლია, მეორე ლიდერმა რაიმე ფიზიკური საფრთხე შეუქმნას და მით უფრო, მის მოსაგერიებლად დასჭირდეს ცეცხლსასროლი იარაღი“.
ამასთან, მან კომენტარი გააკეთა „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის გამიჯვნაზეც ოპოზიციიდან.
„ეს ბატონი, რომელიც მიხსენეთ, როცა უნდოდა თანამშრომლობდა, მათ შორის პირადადაც, როცა აღარ დასჭირდა, გაემიჯნა, როცა დასჭირდება, შესაძლოა, ისევ მოემიჯნოს“, – განუცხადა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს.